ზუსტად 96 წლის წინ, 1924 წლის 30 აგვისტოს, ბოლშევიკებმა ვალიკო ჯუღელი დახვრიტეს

1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური აჯანყება დაიწყო, რამაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ამ აჯანყების ერთ-ერთი მოთავე და უშიშარი მონაწილე სწორედ ვალიკო ჯუღელი იყო-ლეგენდარული ქართველი სარდალი. საუბედუროდ, აჯანყებულები დამარცხდნენ – ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ბოლშევიკების მიერ დახვრეტილთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

სწორედ ჯუღელი იყო იმ სახალხო გვარდიის მეთაური, რომელმაც 1920 წელს ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული და ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება ჩაახშო. ასევე, იცავდა სამშობლოს ყველგან იქ, სადაც მტრები უტევდნენ.

“აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში 1924 წელს, ქართველმა ერმა იარაღით ხელში სცადა თავისუფლების მოპოვება, მაგრამ ამაოდ. აჯანყება დამარცხდა, რუსის ლაშქარმა სძლია ერთსულოვნათ ამოძრავებულ ქართველობას. და აი მტერმა ააოხრა საქართველო და გაჟლიტა მისი საუკეთესო შვილები. მთელი ქართველი ერი ძაძებში გახვეულია.მტერი არ ერიდება არავითარ ძალდატანებას, რომ საქართველო სისხლის მორევში ჩაახრჩოს და ტერორით და ათასნაირი ხრიკებით ქართველი ერი სულიერათ გასტეხოს. ამაო ცდაა. ქართველი ხალხი გამოწრთობილია ხანგრძლივ ეროვნულსა და რევოლიუციონურ ბრძოლაში. მან კარგად იცის დიდებული პოეტის სიტყვები: „ჭირსა შინა გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა,“- წერდა ნოე რამიშვილი.

ვალიკო ჯუღელი – დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური და სამხედრო ფიგურა, ის უშუალოდ მონაწილეობდა 1918-1921 წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლაში.

“დიდი მონაცემების მქონე პიროვნება, ძალიან მიზანდასახული. აქვს დიდი პირადი სიმამაცე, გამბედაობა და გამხნევების უნარი. ღირსებისმოყვარეა, ურჩევნია სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში მეორე. სამხედრო საქმეს იცნობს პრაქტიკულად საკუთარი სიმამაცის წყალობით, ბრწყინვალე ბელადია” – ასე აღწერდა ვალიკო ჯუღელს რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პავლე სიტინი.

1921 წლის მარტში, მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად, ჯუღელმა საქართველო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა, სადაც ანტისაბჭოთა ბრძოლაში ჩაება. საქართველოს ემიგრანტული მთავრობა ვალიკო ჯუღელზე დიდ იმედს ამყარებდა, რისთვისაც მალულად დაამთავრებინეს პარიზში სენ-სირის სამხედრო სკოლა. სწორედ ჯუღელი უნდა გამხდარიყო აჯანყების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მეთაური. ის 1924 წელს ფარულად დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა აჯანყების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დააპატიმრეს.

1924 წლის აჯანყების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, 30 აგვისტოს ვალიკო ჯუღელი თბილისში 43 სხვა პატრიოტთან ერთად დახვრიტეს. მისი საფლავი უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები