განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ გ.ს.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ზ-ს, აგრეთვე განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.თ.-ს და ბ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს, ქ. თბილისში, გ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, გ.ს.-ს დანით მიაყენა ჭრილობები გულმკერდის და თავის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანილი გ.ს. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

„გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოხსენებულ ფაქტს შეესწრნენ ბ.ბ. და დ.თ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთანავე, მოწმის სახით გამოკითხვისას, დ.თ.-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. სამართალდამცველებმა გ.ზ., ბ.ბ., და დ.თ. 2020 წლის 27 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურამ გ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა. დ.თ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულის შუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული). ბ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის შუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული).

პროკურატურამ ბრალდებულების, გ.ზ.-ს, ბ.ბ.-ს და დ.თ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები