როგორ ხვდებიან ახალ რეგულაციებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და კინოთეატრებში

მოახლოებულ სასწავლო წელთან დაკავშირებით სკოლებსა და ბაღებში სპეციალური რეგულაციები წესდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რამდენად მკაცრი იქნება შეზღუდვები სასწავლო დაწესებულებებში, კინოდარბაზებსა და თეატრებში, როგორ გაართმევენ თავს აკრძალვებს დაწესებულებები, ,,კვირა“  საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კინოთეატრების ადმინისტრაციებს დაუკავშირდა:

მზია ფაილოძე – სკოლამდელთა აღზრდა-განვითარების და უფლებების დაცვის ლიგა:

– საქართველოს მთავრობამ სკოლამდელთა აღზრდის დაწესებულებებისთვის, ერთი შეხედვით, საკმაოდ მკარცი რეგულაციები შემოიღო, თქვენ, როგორც ბაღის ყოფილი დირექტორი და უფლებადამცველი, როგორ ფიქრობთ, ბაღების პერსონალი თავს გაართმევს ყველა დაწესებული აკრძალვის შესრულებას?

– ბაგა-ბაღები საქართველოში, წარსულშიც და განსაკუთრებით დღესაც, ძალიან გადატვირთულია. დაწესებული სტანდარტის თანახმად, თითოეული ბავშვისთვის სათამაშო და სამოქმედო სივრცედ 4 კვადრატი უნდა იყოს გამოყოფილი. იმ პირობებში კი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 50 საბავშო ბაღი 2007 წელს დახურა და გაყიდა, ვითომდა ოპტიმიზაციის მიზნით, ბაღში ცოტა ბავშვი დადის და საჭირო არააო, საბავშვო ბაღების მდგომარეობა ძალზე გართულდა. ის ბავშვები სხვა ბაღებში გადანაწილდნენ და სტანდარტით ჯგუფში გათვალისწინებული 25 ბავშვის ნაცვლად, ახლა, იძულების წესით,  ჯგუფში 50-60 ბავშვი ზის.

– ასეთ პირობებში რამდენად რეალურია სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება საბავშვო ბაღებში?

– ბევრი მშობელი შეაშინა პანდემიამ, ბავშვი აღარ დაარეგისტრირა ბაღში და გაჩნდა ვაკანტური ადგილები.  ამან, გარკვეულწილად, შრომა გაუადვილა სკოლამდელი აღზრდის სისტემას. გარდა ამისა, ახალი სასწავლო წლიდან მარტო თბილისში იხსნება 5 ახალი საბავშვო ბაღი, რეგიონებშიც არის პოზიტიური ცვლილებები, რემონტდება და იხსნება საბავშვო ბაღის ახალი შენობები. ასე რომ, ოპტიმიზმის საფუძველი არის.

– თუმცა ბაღის თანამშრომლებს სამუშაო მოემატებათ და ეს წელი მათთვის საკმაოდ შრომატევადი იქნება.

– თითოეულ ჯგუფში 3 ადამიანი მუშაობს – აღმზრდელი, ძიძა და აღმზრდელის თანაშემწე. ახალი რეგუალაციებით მშობელს ეკრძალება ბაღის შენობაში ბავშვის შეყვანა, მან 10 წუთით ადრე უნდა დაურეკოს ძიძას, რომელიც ბავშვის შენობაში შეყვანას და მის დეზინფექციას უზრუნველყოფს. იმედი მაქვს, რომ სკოლამდელთა დაწესებულებებში კადრებს დაამატებენ. 3 ადამიანი ვერ აუვა, ახალი რეგულაციების შესაბამისად, ჯგუფში ამდენი ბავშვის მოწესრიგებას. საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი – არაჩვეულებრივი მენეჯერი კახაბერ გვანცელაძეა. ვფიქრობ, ამ რთულ ამოცანასაც გაართმევენ თავს.

მაია სიხარულიძე – თბილისის კინოთეატრების ქსელის პიარსამსახურის უფროსი:

– 15 სექტემბრიდან თბილისში უნდა გაიხსნას ყველა კინოთეატრი, ყოველ წუთს ველოდებით რეგულაციებს ხელისუფლებისგან. სამუშაო პროექტით, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, კინოთეატრში მაყურებელს შეუძლია შემოვიდეს მხოლოდ ნიღბით, სპეციალური დეზობარიერის გავლით და ტემპერატურის შემოწმებით, ხოლო განთავსებას რაც შეეხება – 2 სკამის გამოტოვებით. ვფიქრობთ, სკამებზე მაყურებლის განთავსების შემოწმება არ გაგვიჭირდება, ბილეთების გაყიდვასაც შესაბამისი დანომრვით შევძლებთ. რიგი სალაროსთან უნდა ვარეგულიროთ 1- მეტრიანი დისტანციის დაცვით, შესაბამისად – მაყურებელთა შეშვებაც დარბაზში. უახლოეს დღეებში უფრო კონკრეტული ინფორმაცია გვეცოდინება.

ვახტანგ მატარაძე –  რუსთაველის თეატრის მთავარი ადმინისტრატორი:

– ახალი რეგულაციების შესახებ არცერთ თეატრს ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ჯერჯერობით ყველა შვებულებაში ვართ და ინფორმაციას ჟურნალისტებისგან ვიგებთ. ვიცით მხოლოდ ერთი, რომ სეზონი 1-ლი ოქტომბრიდან იხსნება, როგორ განვათავსებთ მაყურებელს დარბაზში, დეტალური ინფორმაცია თეატრებისთვის ჯერ არ მიუწოდებიათ.

ყველაზე რთული რეგულაციები, ჯერჯერობით, საბალეტო დასს უწესდება, ოფიციალურად თეატრალური სეზონი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 1-ელ ოქტომბერს იხსნება.

ლარა ტყეშელაშვილი – საოპერო დასის მოცეკვავე:

– პანდემიის შემდეგ, ივლისში დავუბრუნდით სარეპეტიციო დარბაზებს. ვინაიდან 10 მოცეკვავეზე მეტი დარბაზებში არ დაიშვებოდა, მორიგეობით ვვარჯიშობდით. 100-კაციანი დასი 4 დარბაზში 2 ცვლად იყო გადანაწილებული. აქამდე აკრძალული იყო დუეტების რეპეტიცია, ახლა არ ვიცით, როგორ იქნება. 1-ელ სექტემბერს ვბრუნდებით სამსახურში, მთელი აგვისტო შვებულება გვქონდა, რადგან დარბაზებში კონდენციონერის ჩართვაც აკრძალული იყო. ახალი რეგულაციებით, 5 კვადრატულ მეტრზე ერთი მაყურებელი დაიშვება, ამასთან, თეატრში მაყურებლის ყოფნის ვადა 3 საათითაა განსაზღვრული, მაყურებლის შენობაში შემოსვლიდან გასვლის ჩათვლით. ამიტომაც  სპექტაკლები ანტრაქტის გარეშე ჩაივლის, რაც, ცოტა არ იყოს, ბალეტის მოცეკვავისთვის რთული იქნება, რადგან ის 20-წუთიანი დასვენება მსახიობისთვის დიდი შვებაა ასეთი ფიზიკური დატვირთვის დროს. მოკლედ, გაგვიჭირდება, მაგრამ რას ვიზამთ, ასე ხდება მთელ მსოფლიოში.

ციცო დოლიძე – 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის სასწავლო ნაწილი:

-ახალი რეგულაციები დაინიშნა სკოლებში, კლასებში ბავშვების რაოდენობის გათვალისწინებით. ჩვენისთანა დიდ სკოლებს, რომელშიც 3000 მოსწავლე ისედაც 2 ცვლად სწავლობს, ძალზე გაუჭირდება. საუბარია მე-3 ცვლის დამატებაზე. განათლების სამინისტროში სპეციალური კონსულტაციების გავლა იგეგმება 1-ლი სექტემბრიდან და ვნახოთ, რა იქნება. მთავარი მაინც მოსწავლეთა დისციპლინა იქნება. ძალზე ძნელია ამდენი ბავშვის გაკონტროლება, ატარებს თუ არა ის პირბადეს. საუბარია იმაზეც, რომ 1 დღე ბავშვები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ და შეიზღუდება გაკვეთილების რაოდენობაც. ესეც შვება იქნება დიდი სკოლებისთვის. რაც შეეხება სოფლის და რაიონის სკოლებს, სადაც მოსწავლეთა შედარებით მცირე რაოდენობაა, აქ არა მგონია, ზედმეტი პრობლემები შეიქმნას. პედაგოგებს და მანდატურებს დიდი შრომა დადგებათ.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები