ლევან დავითაშვილმა და პიტერ ვიბლერმა მარნეულში სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად მარნეულში, სოფელ აზიზქედში, სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერით და USAID-თან თანამშრომლობით, საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

“აღნიშნული მეურნეობის გახსნაც ამის ნათელი მაგალითია. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის ტექნიკური დახმარება, ცოდნის შემოტანა და გაზიარება. ვფიქრობ, მეურნეობა „მზა ჩითილი“ ახალ სიტყვას იტყვის ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში. საქართველოში ბოსტნეული კულტურების მაღალხარისხიანი ჰიბრიდული ჩითილის წარმოება, ასევე კენკროვანი კულტურების, კერძოდ მარწყვის უკვე დაპატენტებული სახეობების შემოტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. სამინისტროს, USAID-ის, „საქპატენტისა“ და კერძო კომპანიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მეხილეობის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც მომავალში დიდ შედეგებს მოგვცემს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, უკვე მრავალი წელია USAID მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის ღირებულების და ფერმერების შემოსავლის ზრდას.

„ყველა ფერმერს აქვს მიზანი, რომ განავითაროს ინკლუზიური ეკონომიკა, რაც ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. „მზა ჩითილი“ თანამედროვე საწარმოა, სადაც იქმნება მაღალი ღირებულების და ხარისხის პროდუქტი. უახლოეს მომავალში, შესაძლებელი იქნება საქართველოს ბაზრის მომარაგება, ასევე მეზობელ ქვეყნებში ან ევროპის ქვეყნებში ექპსორტის განხორციელება. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ კომპანიას წინსვლაში, ვუწევთ ტექნიკურ დახმარებას ქართველ მეწარმეებს და ხელს ვუწყობთ მათ, მსოფლიოს მასშტაბით ექპსორტზე გაიტანონ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია“, – აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „მზა ჩითილი“ ერთერთი წამყვანი სანერგე მეურნეობაა საქართველოში, რომელიც ბოსტნეულისა და ყვავილების ჩითილებს აწარმოებს. ბოლო პერიოდში, ადგილობრივი ფერმერების მხრიდან კენკროვანი კულტურების ნერგებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანიამ USAID – ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება დაიწყო. „მზა ჩითილი“ უკვე ახორციელებს ჯიშების ,,მალგა’’ და ,,სკალა“ გამრავლებას. უახლოეს პერიოდში დაინტერესებული ფერმერებისთვის დაახლოებით 250 ათასი ნერგი გახდება ხელმისაწვდომი. სერტიფიცირებულ, თანამედროვე და პროდუქტიულ ჯიშებზე წვდომის გაუმჯობესება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ერთერთი მთავარი მიზანია.

კომპანია „მზა ჩითილი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერითაც სარგებლობს. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მეურნეობაში ჯამურად განხორციელდა 2,800,000 ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც 365,000 ლარი გრანტია, ხოლო 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები