გიორგი გახარია: მარნეული არის საქართველოს ყველაზე განვითარებული რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით
“ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მარნეული არის საქართველოს ყველაზე განვითარებული რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
“მოგესალმებით, მარნეულელებო! პირველი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა. ეს არის ის, საიდანაც უნდა დავიწყოთ ყოველდღიური შრომა ამ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გასაძლიერებლად. ეს ჩვენ, ყველას გვაერთიანებს.
ვილაპარაკოთ, მომავალზე არ ვისაუბროთ გუშინდელ დღეზე. მარნეული არის საქართველოს ყველაზე განვითარებული რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მარტივ ციფრებს მოგიყვანთ – 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 511 მლნ დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქტი, 2019 წელს – 900 მლნ დოლარის, სხვაობა თითქმის ორჯერ მეტია, ეს ამ კუთხის შვილების დამსახურებაც არის.
სახელმწიფო, როგორც დაჰპირდა თითოეულ მოქალაქეს, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას გააგრძელებს. სოფლის მეურნეობის ბევრი პროგრამაა, რომელიც აძლევს გლეხს შესაძლებლობას, გახდეს ფერმერი, თან ძლიერი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარნეული თბილისთან ახლოს არის, ბევრი ქალაქია, რომელიც თბილისიდან შორს არის და გლეხს, ფერმერს უწევდა ჩასულიყო თბილისში, მიეღო იქ რაღაც პროგრამებში მონაწილეობა, მისულიყო ერთ სამინისტროში, მეორეში, მესამეში, დღეს ეს ყველაფერი იქნება მარნეულში. იუსტიციის სახლში მიხვალთ, ყველა სახელმწიფო პროგრამა ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსი – ყველაფერი გაქვთ ადგილზე. იუსტიციის სახლში ყველა ადამიანი მოგემსახურებათ ისე, რომ თავიდან ბოლომდე, მთელ პროცესს გაივლით, თუნდაც კონტრაქტის ხელმოწერამდე, იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს, ვისაც შეუძლია, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს ბიზნესი, გარისკოს, სახელმწიფო მიეხმაროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს იმას, რომ მომსახურება, სახელმწიფო სერვისები თბილისში არ რჩება, მიდის თითოეულ ქალაქში, ჩვენს ყველა მოქალაქესთან, ადამიანებთან, რომლებსაც უნდათ, რომ საქმე დაიწყონ და თავის თავზე, თავის ოჯახზე, რეგიონსა და ქვეყანაზე იზრუნონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს დაიწყო გუშინ და გაგრძელდება მუდმივად.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულად მარნეულს, მარნეული არის ძლიერი რეგიონი, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ბევრი რამე არის გასაკეთებელი. დღეს ჩვენ ვნახეთ მაგალითად წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა. ეს არის სისტემა, რომელზე მუშაობაც დაიწყო და რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება 200 მილიონი ლარით და მარნეულს და გარშემო სოფლებს ერთხელ და სამუდამოდ ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და წყალარინების სისტემა, ისევე, როგორც ბოლნისს.
მარნეულში დღეს 8 სკოლის რეკონსტრუქცია ხდება, შენდება სამი ახალი სკოლა. რა თქმა უნდა, სარწყავი წყალი მთელს ქვეყანაში არის პრობლემა და აქ, მარნეულშიც ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ და შევთანხმდეთ, რომ ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს საკმარისია, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სისტემურ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ და ხვალინდელი დღე უნდა გავხადოთ კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე დღევანდელი დღე.
ეს არის ის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ქვეყანაში სამართლიანი პირობები ყველასთვის, იმისთვის, რომ ყველა ახალგაზრდამ მიიღოს კარგი განათლება; ჩვენ უნდა ვიზრუნოთ განათლების სიტემის რეფორმირებაზეც, რაც უკვე დაწყებულია, იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ქართული, რათა მათ შეეძლოთ განათლების მიღება საქართველოში და შემდგომ სახელმწიფო სტრუქტურებში მათი კარიერის გზა ხსნილი იყოს. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებშიც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ!”,- განაცხადა პრემიერმა.