“საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და UNICEF-ის რეკომენდაციით განსაზღვრულ 50 ლარზე ოთხჯერ მეტი თანხით დაეხმარა 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს”
“UNICEF-ის კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიის დროს, გარდა სხვა სიკეთეებისა, შეძლო, ჩვენს ბავშვებსაც დაეხმაროს ისე, რომ მათ ხვალინდელი დღის არ შეეშინდეთ”, – ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა, ირაკლი ლატარიამ სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, კვლევაში საუბარია საკმაოდ პოზიტიურ შედეგებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით განსაზღვრულ 50 ლარზე ოთხჯერ მეტი თანხით დაეხმარა 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს.
„შედეგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც პანდემიის გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ხვალინდელ დღეს სიღარიბე არ ემუქრებათ. ეს არის ის მომენტები, რომელიც UNICEF-ის პრეზენტაციაში ვნახეთ. ასევე ამოვიკითხეთ წერტილოვანი პოზიტიური შედეგები, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ მთელს მსოფლიოში არის ნეგატიურად ასახული, ჩვენთან აისახა პოზიტიურად. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღევანდელი პანდემიის დროს შეძლო გარდა სხვა სიკეთეებისა, ჩვენს ბავშვებსაც დაეხმაროს ისე, რომ მათ ხვალინდელი დღის არ შეეშინდეთ. ამასთანავე, UNICEF-მა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში 40-დან 66 მილიონამდე ბავშვს ემუქრება სიღატაკე, რაც ბუნებრივია ძალიან დიდი ტკივილია ყველასთვის და ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად ევროპის წარმატებული ქვეყნები, იქაც კი შეიძლება ბავშვების სიღარიბეზე ვისაუბროთ, საქართველომ შეძლო, სექტემბრიდან, როდესაც ბავშვები სწავლას დაიწყებენ, თამამად გავიდნენ სახლიდან და ეს არის პოზიტიური შედეგი, რომელიც დიდი ხანია მსგავსი სახით UNICEF-ის კვლევაში არ მოხვედრილა”, – აღნიშნა ირაკლი ლატარიამ.
მისივე შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად შეუნარჩუნა იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მინიმუმ სამჯერ დაიწყო ეკონომიკური უკუსვლა.
„ჩვენ რა თქმა უნდა ეკონომიკურ ზრდაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ წარმატებულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება წელს არის ისეთი, როგორიც ჰქონდა შარშან. ეს თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, რეგიონზე რომ აღარ ვისაუბროთ. Fitch-მა ჩვენ გვითხრა, რომ იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ შემოსავალი დაკარგა და იმის მიუხედავად, რომ ბიზნესის 90% გაჩერდა, ოჯახებში შემოსავალი შემცირდა, საქართველომ არ შეაჩერა ხელფასების გაცემა, დახმარებები პანდემიის პირობებში, გამოაცხადა ახალი დახმარებები და ბოლოს, პანდემიის დროსაც კი, ჯანდაცვის სისტემაში შეიტანა ცვლილება და აფინანსებს ონკოდაავადებულ ყველა ადამიანს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბიუჯეტმა პანდემიის დროსაც კი მაქსიმალურად იზრუნა ადამიანზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამის არდანახვა მხოლოდ სიბრმავეა”, – აღნიშნა ირაკლი ლატარიამ.