ნიკოლოზ მეტრეველი: გახარიას კაბინეტის სამთავრობო პროგრამა „კომპეტენცია, სტაბილურობა, განვითარება“ მოქმედებაშია

“გიორგი გახარიას კაბინეტის სამთავრობო პროგრამა „კომპეტენცია, სტაბილურობა, განვითარება“ მოქმედებაშია“,-ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
​მისივე თქმით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობის, ხელისუფლებამ მაინც შესძლო გამოეყო რესურსი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ახალი პროგრამის ამოქმედებისათვის.

“ამ პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება, წლიური ლიმიტი კი 8 000 ლარით იზრდება.

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამით აქამდე მხოლოდ 1972 მოქალაქე სარგებლობდა.

ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სიმსივნური დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის და მისი ჯანმრთელობისათვის ზიანის გარეშე მკურნალობისთვის საქართველოში ულტრათანამედროვე ცენტრი იქმნება, რაც ადრონულ თერაპიას გულისხმობს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს. ამ ინოვაციური პროექტით უამრავი ჩვენი ახლობელი წარმატებით დაძლევს მძიმე ონკოლოგიურ დაავადებებს.

ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ დღეს საქართველოში ადამიანი მთავარი პრიორიტეტია”,-წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები