,,ევროპულ საქართველოსა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ურთიერთობა მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ,,ვეროპული საქართველოს“ საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ ,,რუსთავი 2-ის“ ეთერში საჯაროდ აღიარა სააკაშვილის გუნდის 9-წლიანი რეჟიმის შეცდომები და მას ,,ხელისუფლებისთვის საბედისწერო ნაბიჯები“ უწოდა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ რუხი გენერლები- მერაბიშვილი და ადეიშვილი- ბაქრაძის საჯარო უპატივცემულობამ ისე აღაშფოთა, რომ თუ აქამდე მედიასივრცეში მაინც საკუთარი გუნდის წევრების -,,ევროპული საქართველოს“ ლიდერების მისამართით ღია კრიტიკს უკრძალავდნენ, ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ეს ვალდებულებაც მოუხსნეს. ორ პარტიას შორის უნდობლობამ იქამდე მიაღწია, რომ 19 ივლისს ეგრეთ წოდებული შალვა ნათელაშვილის ფრთის 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა სახელდახელოდ შექმნილ დოკუმენტს. პოლიტიკურმა ლიდერებმა ლამის დედა დაიფიცეს, რომ კოალიციურ მთავრობაში ითანამშრომლებენ ყველასთან, გარდა ,,ქართული ოცნებისა“ და დასძინეს, რომ უახლოეს მომავალში ამ დათქმას ოფიციალურ მემორანდუმად გააფორმებდნენ.
კულუარული ინფორმაციით, ცხადი ხდება, რომ უკრაინული საქმეებით გართულ სააკაშვილს წინასაარჩევნო მარათონის შესახებ ცხელ-ცხელ ინფორმაციებს ხატია დეკანოიძე აწვდის. ჩარტერული რეისით კიევში 2 დღით ჩაფრენილ-ჩამოფრენილმა დეკანოიძემ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებების დასტა ჩამოუტანა საკუთარ პარტიას, რომელშიც ექსპრეზიდენტის საკმაოდ მკაცრი ინსტრუქტაჟია გაწერილი ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერების მიმართ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მართალია, ყველა გამოკითხვით საქართველოში ოპოზიციურ პარტიათა შორის ყველაზე მსხვილი და ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, თუმცა, 2017 წლის შემდეგ პარლამენტში ხმათა ასეთივე უპირატესობით ვერ სარგებლობს და პირველობას ,,ევროპულ საქართველოს“ უთმობს. დავით ბაქრაძე ამ ფაქტს ამომრჩეველთა გაუნათლებლობით ხსნის: ,,ადამიანები, რომლებიც მე მიჭერენ მხარს, მეუბნებიან, რომ ყველა არჩევნებში 5-იანს ხაზავენ, ისინი ჯერაც ვერ გარკვეულან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, 2017 წლის შემდეგ, ორ ნაწილად გაიყო და ჩემი გუნდი სულ სხვა ნომერს ატარებს“.
,,ევროპულმა საქართველომ“ იცის, რომ თუ წინასაარჩევნო მარათონში დიდი ადგილი არ დაუთმო წარსულში ჩადენილი შეცდომების აღიარებას და სააკაშვილის გუნდს ,,რეჟიმი“ არ უწოდა, ისე ამომრჩეველთა გულს ვერასოდეს მოიგებს. დღეს ბაქრაძე ამბობს, რომ სააკაშვილმა ვერ დაიჭირა მომენტი, როდესაც მმართველობის სტილი უნდა შეეცვალა და კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გაეხადა: ,,უკვე 2007 წლიდან სისხლის სამართლის და ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში უნდა შეცვლილიყო და ის ლოიალური გამხდარიყო. ამ დროისთვის ჩვენს გუნდს უკვე დამარცხებული ჰყავდა ქურდული სამყარო და კრიმინალი, ეკონომიკა გამოსული იყო ჩრდილიდან და ბიზნესი იხდიდა გადასახადებს“.
რაც შეეხება იმ სისხლის სამართლის დანაშაულებს, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, სერგო თეთრაძისა და ფოტოგრაფთა საქმეებს, რომლებსაც ევროსასამართლომ ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული უწოდა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ,,ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ მას ამ საქმეების შესახებ არასრული ინფორმაცია ჰქონდა და არც სახალხო დამცველის 400-გვერდიან მოხსენებაში ჩაუხედავს, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ დავით ბაქრაძეს ,,მისი წაკითხვის დრო არ ჰქონდა“. ვაზაგაშვილის, რობაქიძის და გირგვლიანის საქმეებზე კი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მხარი იმ უბრალო მიზეზის გამო არ დაუჭირა, რომ საამისოდ პოლიტიკური წონა არ ეყო.
დღეს დავით ბაქრაძე აღიარებს, საკუთარ პასუხისმგებლობას სასამართლო ხელისუფლების პარტიული ნიშნით დაქვემდებარებაზე და აცხადებს: ,,მორჩილი სასამართლო სისტემა არის ცდუნება ყველა ხელისუფლებისთვის. ჩვენ ამ ცდუნებას ვერ გავუძელით. ქვეყანაში ბევრი პრობლემა შეიქმნა სუსტი სასამართლო ხელისუფლების გამო“.
დღეს უკვე კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობაში მაინც შევა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმ დათქმით, რომ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი. სამაგიეროდ, ბაქრაძე და მისი პარტია სხვა, 30 პარტიასთან ერთად, ახლა უკვე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ ,,ქართულ ოცნებასთან“, რომლის პოლიტიკური ავანსცენიდან ჩამოგდება მათი პარტიული მოვალეობაა.
რაც შეეხება 2008 წლის მოვლენების შეფასებას და იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მოწოდებას მოსახლეობისადმი, დანა-ჩანგლით ებრძოლათ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, განაცხადა, რომ ასეთი მოწოდება მას არ გაუკეთებია: ,,ბევრი ეძებეს ჟურნალისტებმა ჩემი ვიდეოგამოსვლა, რომელშიც მე მოსახლეობას მოვუწოდებდი, დანა-ჩანგლით აღჭურვილიყო და ებრძოლა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, მაგრამ ვერ მოიპოვეს. რატომ? იმიტომ რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს“. თუმცა, ბაქრაძეს არ განუმარტავს, რომ იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება გაჟღერებიდან ერთი თვის თავზე აღარ იყო არცერთი ტელევიზიის არქივში. (საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში ხელითაა ჩაწერილი კასეტის ნომერი, რომელზეც ბაქრაძის მიმართვა უნდა ინახებოდეს, თუმცა თავად კასეტა აღარ იძებნება).
მართალია, დღეს ყველა არქივიდან გაქრა დავით ბაქრაძის სკანდალური მიმართვა, თუმცა ამომრჩევლის მეხსიერებიდან მისი უკვალოდ გაქრობა თვით ბაქრაძემაც ვერ მოახერხა. მისმა ,,კეთილშობილად მომღიმარმა“, ,,სინანულით აღსავსე“ მონოლოგმა ქართული ელექტორატი იმდენად გააღიზიანა, რომ მეორე დღეს სოციალური ქსელები ,,ევროპული საქართველოს“ პირველი ნომრისადმი მიმართულმა უწმაწურმა პოსტებმა წალეკა.
ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში 2003 წელს პირველად გამოჩნდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ხუთი წლის შემდეგ კი საკანონმდებლო ხელისფლების პირველი პირი გახდა, 2020 წლის არჩევნებშიც გარანტირებულ პარლამენტარობას აპირებს, ზედმეტი მაჟორიტარული თავისტკივილისა და პარტიული ბრძოლის გარეშე. ქართველ ამომრჩეველს კი ისღა დარჩენია, ამნეზია დაიმართოს და გულუბრყვილოდ მომღიმარ ,,სათნო გამომეტყველებიან“ ,,ევროპული საქართველოს“ პირველ ნომერს მისცეს საკუთარი ხმა.
ია დანელია