სოსო არჩვაძე: ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ზრდა მით უფრო მეტადაა წონადი, რომ მისი ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირში

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს “ფეისბუქ-პოსტით” ეხმაურება.

მისი ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში აისახება როგორც ადგილობრივად წარმოებული(სამამულო) პროდუქცია, ასევე რეექსპორტიც.
აღნიშნულის გამო, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის იანვარ-ივლისში მთლიანი ექსპორტი შემცირდა 16.8 პროცენტით, ამ შემცირების უდიდესი წილი (93.9%) რეექსპორტის შემცირებაზე მოდის. – რეექსპორტი შემცირდა 1/3-ით, მაშინ როდესაც ადგილობრივი წარმოების ექსპორტი – მხოლოდ 2 პროცენტით. ექსპორტის მიღწეული დონე (1083.4 მლნ. აშშ დოლარი) ბოლო წლების ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია და ჩამორჩება მხოლოდ 2019 და 2018 წლების შესაბამისი პერიოდის შედეგებს. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ ივლისში მეორე კვარტლის (აპრილ-ივნისი) საშუალო თვიურ მაჩვენებელს 10 მლნ. აშშ დოლარით ( 7.4 პროცენტით) გადააჭარბა.

სოსო არჩვაძის თქმით, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის საკმაოდ მაღალ კონკურენტუნარიანობაზე.

„2020 წლის გავლილ პერიოდში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის კლება ეროვნული ეკონომიკის შემცირებაზე დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია, რაც კორონავირუსის პანდემიის, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიისა და გლობალური მოთხოვნის მკვეთრი შემცირების პირობებში ცალსახად მიუთითებს სამამულო პროდუქციის საკმაოდ მაღალ კონკურენტუნარიანობაზე.
​ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ზრდა მით უფრო მეტადაა წონადი, რომ მისი ექსპორტი გაიზარდა მსოფლიო ბაზრის ერთერთ ყველაზე მაღალი მოთხოვნებისა და სამომხმარებლო სტანდარტების მქონე ევროკავშირის ბაზარზე. – ქართული პროდუქციის ექსპორტმა ევროკავშირში იანვარ-ივლისში 7 პროცენტით (19 მლნ. აშშ დოლარით) მოიმატა და 286 მლნ. აშშ დოლარი (სამამულო პროდუქციის ექსპორტის 26.3%) შეადგინა.
ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში სამი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის (სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები და ნატურალური ღვინოები) წილი ოდნავ აღემატება 2/5-ს (40.7%), რაც მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის საკმაოდ მაღალ დივერსიფიცირებაზე მიუთითებს.
ბოლო ერთი წლის მანძილზე სამამულო პროდუქციის ექსპორტის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან, სულ ცოტა, ერთი პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი და დაახლოებით 12.5 პროცენტს შეადგენს”,-წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები