სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 17 623 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 2 355 199 ლარი შეადგინა
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.
14 აგვისტოს მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 17 623 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 2 355 199 ლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება სრულად ჩამოეწერათ.