გია ვოლსკი: კანდელაკის განცხადება ისეთივე ფანტაზიაა, როგორსაც სააკაშვილი აჟღერებდა ღრუბელ-ღრუბელ ფრენით, ზღვით ან ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლაზე
„ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარება ისე არავის ეჩქარება, როგორც – ხელისუფლებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
ვოლსკის თქმით, კანდელაკის განცხადება უსუსურია.
„ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარება ისე არავის ეჩქარება, როგორც – ხელისუფლებას, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მთელი რესურსები გადართულია სოციალურ პაკეტებზე, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს. ჩვენი მიზანია, საზოგადოება დაავადებასა და სიკვდილიანობას გადავარჩინოთ. ეს არის მთავარი ამოცანა. უსუსური განცხადება, თითქოსდა, ხალხის ჩამოყვანა არ გვინდა და მასობრივი ავიარეისები ჩამოვა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომელიც არ არსებობს და შეავსებენ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს, არის ისეთივე ფანტაზია, როგორიც თავის დროზე სააკაშვილს ჰქონდა – ღრუბელ-ღრუბელ ფრენით ან მიწით, ზღვით, ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით, იგივე ემოციები და განწყობებია. ორი ფრთა ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხასიათი არ შეუცვლიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ იქ მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე დაბრუნდებიან და ხმას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ.