“უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული მონაცემებია, მაგრამ, ჩემი აზრით, გნებავთ – სუბიექტურად ჩამთვალეთ, ეს არ არის ზუსტი მონაცემები”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე “დღის კურიერში”, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ბრიტანული კომპანიის – Survation-ის მიერ ჩატარებულ, საზოგადოებრივი აზრის კვლევას.
მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნების” რეიტინგი სინამდვილეში 60%-მდეა.
“უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული მონაცემებია, მაგრამ, ჩემი აზრით, გნებავთ – სუბიექტურად ჩამთვალეთ, ეს არ არის ზუსტი მონაცემები, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მზაობა გვაქვს, რომ გავიზიაროთ ერთი მარტივი მიზეზის გამო – რეალურად, ეს მონაცემები, ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტა განსხვავებით, “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის – ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში. თუმცა, გასაგებია, იმ კომპანიამ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, მართლაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის ალოკაციის მეთოდის გამოყენების დროს და ამიტომ შეიძლება, მიიღეს ეს შედეგი, ძალიან რომ მომინდეს ამ შედეგის გამართლება, მაშინ ასე ვიტყოდი. “პატრიოტთა ალიანსის” მონაცემებით 11% გვაქვს, IRI-ს კვლევით – 33%, თქვენი კვლევით – 52%, ხოლო სინამდვილეში გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა. თუმცა, ამ სიფრთხილესაც შეიძლება, გაგებით მოვეკიდოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ – Survation-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომელსაც კომპანიამ შეკითხვები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაუსვა. საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” – 52%; “ენმ” – 19%; “ევროპული საქართველო” – 8%; “პატრიოტთა ალიანსი” – 5%; “ლელო” – 5%; “ახალი საქართველო” – 4%; სხვა – 7 %.