გამალეის ცენტრში დასავლელ ექსპერტებს უპასუხეს: ჩვენი ვაქცინის შედეგად მილიარდებს კარგავენ და როგორ რეაქციას ელოდით?
“გულუბრყვილობა იქნებოდა სხვა ქვეყნების მხრიდან რუსულ ვაქცინაზე დადებითი რეაგირების მოლოდინი”, – განაცხადა რუსეთის გამალეის ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე გინცბურგმა. სწორედ გამალეის ცენტრში ამტკიცებენ, რომ შექმნეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – “თანამგზავრი V”, რომლის წარმოება რამდენიმე კვირაში დაიწყება.
“დაფიქრდით, თუ რუსული ვაქცინის გამო კონკრეტული პირები, ფირმები ბევრ მილიარდ დოლარს დაკარგავენ, როგორ რეაქციას ელოდებით? ვფიქრობ, ძალიან ჩვეულებრივ რეაქციაა. ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა და რუსეთის ფედერაციის ყველა საკანონმდებლო აქტის გათვალისწინებით არის დარეგისტრირებული. ეს არის პირდაპირი ბრძოლა კონკრეტულ თანხებზე. გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ასეთ სერიოზულ კონკურენტულ პროდუქტს ტაშით შეხვდებოდნენ”, – აღნიშნა გინცბურგმა.
11 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა, მსოფლიოში პირველმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა.
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასევე, წამყვანი ქვეყნების შესაბამისი დარგის მეცნიერები და ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ ვაქცინის ეფექტურობას, რადგან, მათი განცხადებით, მისი შექმნის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში არაფერი დაწერილა. გარდა ამისა, მას აქვს გავლილი ცდების მხოლოდ ორი ფაზა. პირიქით, მეცნიერები საუბრობენ იმ რისკზე, რომელსაც შესაძლოა, აღნიშნული ვაქცინა შეიცავდეს და უკუშედეგებს იწვევდეს.