გენიოსების სულთა ნათესაობა – გოგენი და ფიროსმანი

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, დამთვალიერებელთათვის ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიის კარი გაიღო.

გოგენი – „მძინარე გოგონა“

„გოგენი და იმპრესიონისტები” –  ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც საზოგადოებას ორდრუპგაარდის კოლექციის შედევრებს აცნობს. ეს კოლექცია დანიელმა ცოლ-ქმარმა ვილჰელმ და ჰენი ჰანსენებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეაგროვეს. 1918 წელს კი კოპენჰანგენთან ახლოს, ორდრუპგაარდში, თავიაანთ მამულში სპეციალური ვილა ააშენეს კოლექციის დასაბინავებლად.
მათი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის თანახმად, ეს სახლი და კოლექცია 1953 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებად იქცა. წლების მერე დანიის მთავრობამ განსაკუთრებული ზრუნვა გამოიჩინა ამ უმდიდრესი კოლექციის მიმართ და, არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის პროექტით, 2005 წელს შექმნა მისი განახლებული იერსახე, რომელმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა. იგი გადაიქცა დანიის ნომერ პირველ კულტურულ კერად, რომელიც ყოველ წელს ათასობით ტურისტს იზიდავს. ჰანსენებმა თავიდან იმპრესიონისტების ტილოების შეგროვებით დაიწყეს, მაგრამ მერე მათი წინამორბედი სხვა ფრანგი ფერმწერების ნამუშევრებითაც დაინტერესდნენ და ამგვარად შეიქმნა XIX საუკუნის ფრანგული მხატვრობის ბრწყინვალე კოლექცია, რომელსაც ამჯერად ლონდონი მასპინძლობს.

„ორთაჭალის ტურფა“

ჰანსენების კოლექცია ასობით სურათს ითვლის, მაგრამ აღნიშნული ექსპოზიციისთვის 60 მათგანი შეირჩა. მათ შორის ყველაზე მეტი, რვა ნამუშევარი, გოგენს ეკუთვნის და გამოფენის სახელწოდებაც ამით არის განპირობებული.
მანეს, მონეს, პისაროს, რენუარის, დეგას, სისლეის, სეზანის გარდა აქ წარმოდგენილია: ინგრის, დელაკრუას, კოროს, კურბეს, ასევე ქალი იმპრესიონისტების – მორისოტისა და ევა გონზალესის ფერწერა.
ეს ნამუშევრები ძალიან იშვიათად თუ გასცილებია კოპენჰანგენს, ლონდონში კი პირველად იფინება. ეს არის პირველი გამოფენა, რომელიც სამეფო აკადემიაში ნიღბებისა და საჭირო დისტანციის დაცვით იმართება. მნახველს კი წინასწარ და დარბაზებშიც აფრთხილებენ, რომ ჩვეულებრივზე სწრაფი ტემპით დაათვალიერონ გამოფენა, რათა უფრო მეტმა მსურველმა მოასწროს მისი ნახვა.
ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია პოლ გოგენის 1881 წელს შექმნილმა ტილომ „მძინარე გოგონა”, რომელზეც მხატვრის ქალშვილი ალინია გამოსახული. ეს სურათი ვილჰელმ ჰანსენმა უშუალოდ გოგენის მეუღლისგან შეიძინა, რომელიც წარმოშობით დანიელი იყო და ქმრის ტაიტში გამგზავრების შემდეგ იძულებული გახდა, ხუთი შვილით სამშობლოში გადასახლებულიყო.
გოგენის „მძინარე გოგონა”  მართლაც რომ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი სურათია და, ამასთან, სიახლეა ფერწერის ისტორიაში. კედელზე გამოსახული მფრინავი ჩიტი ბავშვის სათუთი სიზმრისა და წარმოსახვის გაგრძელებაა.
ფიროსმანმა ოცი წლის შემდეგ შექმნა თავისი „აქტრისა მარგარიტა” და „ორთაჭალის ტურფა”. მას შეუძლებელია, ენახა გოგენის ამ სურათის ორიგინალი. იგი არსად გამოფენილა და არც დაბეჭდილა. მაგრამ გენიოსებს ხანდახან ერთნაირი ხილვები სრულიად დამოუკიდებლად ეუფლებათ ხოლმე, თავის ტილოებზე ჩიტები ასევე სიწმინდისა და ამაღლებულის გადმოსაცემად მოიხმო ფიროსმანმა.
„ორთაჭალის ტურფა” კომპოზიციურადაც განსაკუთრებით სიახლოვეს ავლენს გოგენის ამ ტილოსთან. გენიოსთა სულით ნათესაობამ სასიამოვნოდ შემაცბუნა და ალბათ ამიტომაც ყველაზე მეტხანს გოგენის ამ შედევრის წინაშე დავყავი. კიდევ შევყოვნდებოდი, რომ არა გამაფრთხილებელი მოწოდება, მალე წაგვეწია წინ…

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები