რუსული ვაქცინის გაყიდვა 2 კვირაში დაიწყება
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოება 2 კვრაში მოხდება, ამის შემდეგ მისი გამოყენებაც დაიწყება.
უწყების ხელმძღვანლის, მიხაილ მურაშკოს თქმით, პლატფორმა, რომელზედაც არის ვაქცინა დამზადებული, კარგად არის შესწავლილი და მის საფუძველზე პრეპარატის შექმნა ყველაზე უსაფრთხო გზაა.
მისივე თქმით, პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი კრიტიკული განცხადება, რომელიც საზღვარგარეთიდან მოდის, უსაფუძვლოა.
11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გამალეის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო, მსოფლიოში პირველი ვაქცინა შექმნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ რუსეთთან შესაბამისი მოლაპარაკება მიმდინარეობს.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ტარიკ იაზარევიჩმა განაცხადა, ნებისმიერი ვაქცინის “წინაკვალიფიკაცია” ითვალისწინებს იმას, რომ მის შესახებ ყველა მონაცემი სიზუსტით უნდა შემოწმდეს.
აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ სერიოზული ეჭვები გამოთქვა, რომ რუსეთმა თავისი ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაამტკიცა. მისი თქმით, ვაქცინის შემუშავება და ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დამტკიცება ორი გასხვავებული რამეა.