ამირან გამყრელიძე: ტურისტებს, რომლებიც მესტიაში იმყოფებოდნენ, ტესტირებაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაშიც 2-კვირიანი თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაისის შემდეგ, პირველად დადასტურდა ერთ დღეში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადი და მართვადია.

მისი თქმით, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები კიდევ გამოვლინდება, თუმცა მთავარია ამ შემთხვევებმა ისეთი მასშტაბი არ მიიღოს, როდესაც ჯანდაცვის სისტემა დაავადებულებს ვერ აუვა.

როგორც გამყრელიძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, “აგვისტოში შემთხვევების მატება იყო პროგნოზირებადი, რადგან ქვეყანამ თანდათან ეკონომიკა გახსნა, არის რიგ ქვეყნებთან გახსნილი საზღვრები, არის მიმოსვლა. როგორ მოხდა სვანეთში ამას ვიკვლევთ, თუმცა ცნობილია, რომ სხვა რეგიონიდან მოხდა იმპორტი. ქვეყანაში შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსი და თითქოს სრულად ვუბრუნდებით იგივე ცხოვრებას. ვიცით, რომ ის ძალიან დიდ თავშეყრას ჰქონდა ადგილი, სხვადასხვა რიტუალური ღონისძიებების დროს.”

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მკაცრი საკარანტინო ზომები წესდება ლენჯერის თემის 5 სოფლიდან ორში: დაბა მესტიასა და სოფელი უშგულში.

“აქ შედარებით მკაცრი რეგულაციები დაწესდა. იქ იფუნქციონირებს მხოლოდ ბანკები, აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, თუმცა ადამიანებისთვის გარეთ გასვლა რეკომენდებული არ არის. ასევე იფუნქციონირებს გარკვეული კაფეები რომლებსაც ღია სივრცეები აქვთ. მესტიის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ადგილებში არის რეკომენდაცია – დარჩი სახლში. მაგრამ იქ მკაცრი საიზოლაციო რეჟიმი არ იფუნქციონირებს”,- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება იმ ტურისტებს რომლებიც ამჟამად მესტიაში იმყოფებიან, გამყრელიძის თქმით, მათთვის “საკარანტინო სივრცეები მესტიაშიც არის, ვინც დაექვემდებარება ამ სივრცეებში გადაყვანას, მათზე სახელმწიფო იზრუნებს”.

გამყრელიძის თქმით, მესტიაში მასობრივი ტესტირება ჩატარდება იმ ტურისტებს კი, რომლებსაც კვლევის მომენტში ვირუსის ნიშნები არ გამოუვლინდებათ, ტერიტორიის დატოვება შეეძლებათ, თუმცა მათთვის სავალდებულოა 2-კვიარიანი კარანტინის გავლა, რადგან “ერთჯერადად ტესტირებამ შეიძლება შედეგი ვერ გვიჩვენოს, სიმპტომები მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე დღეს ვლინდება. დღეს შეიძლება უარყოფითი იყოთ, მაგრამ ინკუბაციურ პერიოდს გადიოდეთ“.

ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ ვინც სხვადასხვა კურორტზე ისვენებს ან აპირებს დასასვენებლად წასვლას, რომ “უნდა დავიცვათ მარტივი რეკომენდაციები: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, არ გამართოთ დიდი თავშეყრები, ხშირად ხელების დაბანა, და რაც მთავარია პირველი ნიშნების გამოვლენის დროს მიმართეთ ექიმებს, ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები