აგვისტოს ეს დღეები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ჩვენთვის მოუშუშებელ ტკივილად რჩება, რუსეთი კი ყოველდღიურად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ფაქტობრივად კი ის ბოროტება, რასაც კრემლი საქართველოს მიმართ ახორციელებს, უკვე საუკუნეებია გრძელდება. ტყუილი დაპირებებით, შეთანხმებებით, ცრუ დაიმედებით და „მეგობრული“ ხელის გამოწოდებით, კრემლი აგერ უკვე მერამდენე საუკუნეა ებრძვის კავკასიის მთავარ ბასტიონს. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში არ არსებობს არც ერთი შეთანხმება, მემორანდუმი თუ ხელშეკრულება, რომელიც ‘დიდ ძმას’ არ დაერღვია, არ გაეთელა. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული იმპერია ისევე როგორც სხვა მასთან შედარებით პატარა ერების შემთხვევაში, ცდილობდა ჩაეყლაპა ქართული იდენტობა, ქართული კულტურა და წაერთმია ყველაზე ძვირფასი-თავისუფლება. გარდა, ამისა, როდესაც მავანნი ამბობენ იმ აღმშენებლობის შესახებ, რომელიც მეფის რუსეთმა თუ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საქართველოში გააჩაღა, ნუ დავივიწყებთ რამდენად დიდი ფასი გადავიხადეთ ამაში. სარწმუნოების დევნა, ენის წართმევის მცდელობა, მონური მორჩილების დათესვა- ეს ის მთავარი იარაღები იყო, რასაც კრემლი მუდამ იყენებდა საქართველოში. ჩვენი „მეგობრობის“ ყველა ეტაპზე საქართველოს რუსიფიკაციისთვის და გასაძარცვად ყველაფერი კეთდებოდა.
სინამდვილეში როგორი მერკანტილური და ხარბი იყო “მეგობარი” ძალიან მარტივად გამოჩნდა. სტრატეგიული პოლიტიკური მიზნების შესრულების გარდა, რუსებმა უბრალოდ ქვეყნის ძარცვა გააჩაღეს. სწორედ მე-19 საუკუნეში საქართველოს სამუზეუმო განძის დიდი ნაწილი რუსეთში აღმოჩნდა. კი, თბილისში ცხოვრება ჩქეფდა, ლამაზ-ლამაზი შენობები და პროსპექტები შენდებოდა, მაგრამ… მეფის რუსეთის დროს საქართველოს ეკლესია- მონასტრების გაძარცვამ უდიდეს მასშტაბს მიაღწია. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი თედო ჟორდანია წერდა, რომ 1882 წელს მცხეთაში ნამესტნიკის ბრძანებით რუსი ოფიცრები გააგზავნეს, რომლებმაც ურმებით წაიღეს უნიკალური ხატები, კვერთხები, თვალ-მარგალიტი და წიგნები.
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე შემდეგს ამბობს: „ქართული საეკლესიო საგანძურის გატანამ განსაკუთრებულად ორგანიზებული სახე მიიღო 1811 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. სხვადასხვა შეფასებით გატანილი იქნა 150 მლნ რუბლის ფასეულობა. გაძარცვული ეკლესიების უმეტესობა დაიხურა, დანარჩენში კი სლავურად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ამგვარმა პოლიტიკამ 1818-1819 წლებში დასავლეთ საქართველოში აჯანყებაც კი გამოწვია“. კუპატაძის თქმით, კერძო კოლექციონერები იაფად ყიდულობდნენ რუსი მღვდლებისგან ქართულ საეკლესიო საგანძურს, რომელშიც შედიოდა ყველა სახის ნივთი, მათ შორის ხელნაწერებიც. საქართველოში ნაძარცვი განძეულობა კი შემდეგ ევროპაში იყიდებოდა. როგორც ისტორიკოსი თედო ჟორდანია იხსენებდა, მიუნხენში იყო ნანახი ბრილიანტის ჯვარი ქართული წარწერით, ხოლო პარიზის სამეფო მუზეუმში ნიქოზის ეკლესიის ოქროთი ნაწერი უძველესი წირვა. რუსი მეცნიერი ნიკოლოზ დურნოვი თავის ნაშრომში “ქართული ეკლესიის ბედი” ზუსტად აღწერს ქართული ეკლესია- მონასტრების ძარცვას:
“1818 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. ამას ემატება ქართული ეკლესია მონასტრების ძარცვა. ნაძარცვი ათეულობით მილიონ მანეთს შეადგენს. ხაზინამ წაიღო 150 მილიონ მანეთად ღირებული ქართული საეკლესიო ქონება. გელათის მონასტრის საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა, მათ შორის იყო ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანაქრით გაწყობილი მე-11 საუკუნის უძვირფასესი სახარება, რომელიც გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა ეგზარქოს ევსევის ნებართვით. ოქროს მოჭედილობა ინახება პეტერბურგში სტროგანოვის მუზეუმში, სადაც გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი. ინგლისელები ოქროთი მოჭედილ სახარებაში ასი ათას ფუნტ სტერლინგს იძლეოდნენ. გატანილია ოქრომკერდით მოქარგული და მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისგან შეკერილი იმერეთის პატრიარქის შესამოსელი. ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული, მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადინეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდების დასამზადებლად…ზუსტად ასე გაქრა აურაცხელი ძვირფასეულობა, ოქროს ჯვრები, ოქროს ჭურჭელი და სხვა განძეულობა მცხეთის, ალავერდის, ბოდბის ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. ამათ მოჰყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედის და სხვა მონასტრებიდან”, – წერდა ნიკოლოზ დურნოვი.
პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ეს მავნებლური პრაქტიკა შეჩერდა, ხოლო დარჩენილი განძეულობის დიდი ნაწილის გადარჩენა ემიგრაციაში წასულმა ექვთიმე თაყაიშვილმა შეძლო. საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კომუნისტურმა მთავრობამ საქართველოს კულტურული ფონდის დაცვის იმიტაცია შექმნა და ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ფასადურად ზრუნავდა. ეს კრემლის პოლიტიკის ნაწილი იყო „кнут и пряник’-ის სტილში-პარალელურად ქართული ინტელიგენციის და გენის განადგურება მიდიოდა. ამ წლებში, რუსეთის მუზეუმებში აკუმულირებული ქართული განძეულობაც დარჩა იქ, თანაც ხშირ შემთხვევაში ფარულად. როგორც ირკვევა, იგივე გიორგი XII-ის ნივთები ერმიტაჟმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოაჩინა. რაც შეეხება სამეფო გვირგვინებს- არცერთი მათგანი არ არის საქართველოში, უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ასევე, ირკვევა, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ეს გვირგვინი 1801 წელს სანქტ-პეტერბურგში გაიტანეს, ხოლო 1923 წელს ის საქართველოში დააბრუნეს. თუმცა, 1930 წელს საქართველოს კომუნისტური მთავრობის გადაწყვეტილებით, ალმასებით და მრავალი სხვა ძვირფასი თვლით მოოჭვილი ოქროს გვირგვინის საზღვარგარეთ „რეალიზება“ მოახდინეს.
რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებები საქართველოს მიმართ აურაცხელია, ყველა დროში, ყველა ეპოქაში ეს ძარცვა-მითვისება, ისტორიული სინამდვილის გაყალბება, ნაღმების ჩადება და ტვინების გამორეცხვა არ შეჩერებულა. ის, თუ როგორ წაართვა კრემლმა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ცალკე უმძიმესი თემაა, თუმცა, სამწუხაროდ დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც კრემლის მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილ დანაშაულებებს ამართლებენ, ექვთიმე თაყაიშვილს კი დამნაშავეს უწოდებენ…
სანდრო გოცირიძე