ანზორ ერქომაიშვილი: იუნესკო-ში 1500 კაცი ფეხზე იდგა და ტაშის გრიალით აღიარეს, რომ საქართველოს ფოლკლორი მსოფლიოში საუკეთესოა

“იუნესკოში” 1500 კაცი ფეხზე იდგა და ერთხმად აღიარეს, რომ ქართული ფოლკლორი მსიფლიოში საუკეთესოა.

ამის შესახებ ცნობილმა მომღერალმა, ლოტბარმა და კომპოზიტორმა, ანზორ ერქომაიშვილმა ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისას განაცხადა, რომელიც მას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადასცა.

„დღეს ძალიან დიდი პატივია ესოდენ მაღალი ჯილდოს გადმოცემა. დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგომა და თუ უფრო მეამაყება, რომ ეს ხდება გურიის ერთ-ერთ უძველეს სოფელში და არა თუნდაც ცენტრალურ ქალაქში, რადგან ასე ხალხთან უფრო ახლოს ვართ და ხალხის გადმოცემული ჯილდო და სიყვარული გაცილებით მეტია, ვიდრე რომელიმე დედაქალაქის სახელი. მინდა, მადლობა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ დიდი დაფასებისთვის, რომელიც მან მომანიჭა, ესოდენ მაღალი ჯილდო. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემს დაჯილდოებაში, მაგრამ იმის შესახებ, რომ ეს ჯილდო მე მეკუთვნის, გულწრფელად გითხრათ, არ ვიქნები მართალი, რადგან ჯილდო გადაეცემა ნებისმიერ პიროვნებას იმის მიხედვით, თუ რა დამსახურება აქვს მას სამშობლოსა და ერის წინაშე. ჩემი დამსახურება მნიშვნელოვანი არ არის, რომ არა ის ძველი მომღერლები, არაჩვეულებრივი პიროვნებები, რომელთაც შემოგვინახეს ესოდენ უმდიდრესი ფოლკლორი, რომელმაც განაცვიფრა მსოფლიო და დღესაც ანცვიფრებს. მე მაშინ დაჯილდოვების ღირსი კი არა… არ ვიცი…მე შვიდი წელი გახლდით იუნესკო-ს ფოლკლორის კომისიის წევრი და ჩემს ხელში გაიარა მთელი მსოფლიოს ფოლკლორმა, იუნესკო-ში პროექტების სახით წარმოდგენილმა, უნდა წინდაწინ ვთქვა, რომ ქართული პროექტის მსგავსი არ ყოფილა. მე გახლდით იმ პროექტის ავტორი. ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქართული პოლიფონია იყო წარმოდგენილი იუნესკო-ში და ეს პოლიფონია აღმოჩნდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის პოლიფონიური სიმღერების მაღლა მდგარი. საინტერესოა ერთი ფაქტი, რომ როცა განიხილეს ქართული პროექტი, 19 კაცი იყო კომისიაში. მე არ მქონდა ხმის მიცემის უფლება, რადგან კომისიის წევრი ვიყავი და ეს 18 კაცი კომისიიდან აღფრთოვანებული, რომ ვნერვიულობდი, ხმის უმრავლესობა რამდენი იქნება. ყველა მუსიკოსი არ იყო იქ, იყვნენ ეთნოგრაფები, მუსიკოსები, იყვნენ სხვა ბევრი სპეციალისტებიც, მაგრამ ქართულმა სიმღერამ ისეთი საოცარი ზეგავლენა მოახდინა ამ ხალხზე, რომ ერთხმად, არც ერთი ხმა რომ არ დაკარგულა, ერთად მისცა ხმა ქართულ პოლიფონიას. მეორე დღეს იუნესკო-ს მთავარ დარბაზში, სადაც 1500-მდე კაცი ეტევა და გადაჭედილი იყო, მაყურებელთა ტაშის გრიალში ქალბატონ ნათელა ლაღიძეს, რომელიც იუნესკო-ს წარმომადგენელია დღემდე და ბევრი დიდებული საქმე აქვს გაკეთებული, ქალბატონ ნათელას გადასცეს სიგელი, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული ხალხური სიმღერა გახლავთ პოლიფონიის შედევრი, არამატერიალური სულიერი საგანძური და მას მიენიჭა ეს სტატუსი, როგორც მსოფლიო პოლიფონიის საუკეთესო შედევრის წოდება. ხელს აწერს მაშინდელი პრეზიდენტი კაიშირო მაცურა. საქმე ისაა, რომ ეს სიმღერები, რომლებიც წარდგენილი იყო პროექტში, ბოლოს პროექტის გადაცემის დროს სცენაზე კინოლენტზე ჩანდა და ისმოდა ფონოჩანაწერების სახით. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩემ თვალწინ გაიარა ყველაფერმა ამან და მოწმე ვიყავი, როგორ იდგა 1500 კაცი ფეხზე და ტაშის გრიალით აღიარეს, რომ საქართველოს ფოლკლორი მსოფლიოში საუკეთესოა. ეს ჯილდო მე არ მეკუთვნის. ეს არის ჩვენი შთამომავალი ხალხის ჯილდო, იმ მომღერლებისა და დიდებული ხალხის, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს ესოდენ დიდებული საგანძური. არაფერია იმაზე დიდებული და კარგი, როცა ხალხი ფლობს ასეთ მაღალ კულტურას და ეს ხალხი შენ სიყვარულით გადმოგცემს იმ ჯილდოს, რომელიც პრეზიდენტის სახელით გადმომეცა და მადლობა ვუხდი მას. დიდი პატივია ეს ჩემთვის“, – დასძინა ანზორ ერქომაიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენი ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები