პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე – ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება”,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.
“დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი.
სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა დაკავების მიზნით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.