სახელმწიფო მინისტრის აპარატი: პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოში დაღუპული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას

სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოში დაღუპული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევით გრძელდება ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვა.

„12 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან. რუსეთ-საქართველოს ომი არის ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კონფლიქტის მშვიდობიან და დიალოგის გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია! საქართველოს მთავრობის მშვიდობიანი, კონსტრუქციული პოლიტიკის პასუხად, კვლავაც გრძელდება უკანონო ქმედებები, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევით, გრძელდება ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვა, რაც არა მხოლოდ აშორიშორებს ომით გახლეჩილ საზოგადოებას, არამედ ხელოვნურ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, მათ შორის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, უკანონო დაკავებები, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, საკუთრების უფლების დარღვევა – ეს ის გამოწვევებია, რომლებთანაც ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ გამკლავება. კვლავაც დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები. უკვე თითქმის ერთი წელია ჩაკეტილია ე.წ. „გადასასვლელი“ ახალგორის მიმართულებით, რამაც მთელ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

მიმდინარე ოკუპაციისა და არსებული დარღვევების პირობებში, საქართველოს მთავრობა ძალღონეს არ იშურებს, რათა შეამსუბუქოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა და ხელი შეუწყოს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს. სწორედ ამას ემსახურება 2018 წელს დამტკიცებული სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელმაც ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ჰპოვა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მზარდი ინტერესი გამოიწვია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებლების მხრიდან.

სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ის ურყევი მხარდაჭერა რომელიც გვაქვს, რათა საოკუპაციო ძალამ შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციისკენ მიმართული უკანონო ქმედებები და მზარდ ხალხთაშორის კონტაქტებს ხელი არ შეეშალოს“, – ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები