დაუღალავი სვლა მშვიდობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროპული ოჯახისკენ საქართველოს გააზრებული არჩევანია: დავით ზალკალიანი

„დღევანდელი კონფერენცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგებს ეხმიანება – აგრესიის, რომელიც მთელს ევრო-ატალნტიკურ სივრცეში არსებული მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოცდად იქცა” – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავისი გამოსვლა ონლაინ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

ზალკალიანის თქმით, ეს ღონისძიება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიული ხედვის შემუშავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

თავის გამოსვლაში მინისტრმა 2008 წლის ომის შემდგომ არსებულ რეალობაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე 12 წელია, რაც ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, მისი თქმით, ახალი ტიპის ბერლინის კედლის – საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი არაერთი უკანონო ფაქტი და იქ მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიური ტერორია.

როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, 12 წლის წინ რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა ევროპაში საზღვრების ძალისმიერად შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. ამასთან, როგორც ზალკალიანმა დასძინა, „ეს იყო რუსეთის პასუხი საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ძლიერი ევროპული დემოკრატია, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ეს იყო დასავლეთის მიმართ „თვალი თვალის წილ” ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის”.

ზალკალიანის თქმით, ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ქვეყნის ისტორიული ევროატლანტიკური არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მიმართ ერთგულება, რაც მომავალში ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გარანტი გახდება. ამასთან, საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ წარმატებით შეუძლია ეფექტიანი რეფორმების გატარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებსა და მიზნებს, ადამიანის უფლებათა დაცვას, კანონის უზენაესობის განმტკიცეაბასა და ეფექტიანი მმართველობის შეეხება. „საქართველოს დაუღალავი სვლა მშვიდობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროპული ოჯახისკენ ჩვენი გააზრებული არჩევანია და პასუხი არსებულ გამოწვევებზე” – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს შემდგომი წარმატების მხარდასაჭერად და დე-ოკუპაციის პროცესში პროგრესის მისაღწევად, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ საერთაშორისო პოზიციის სიმტკიცესა და ერთიანობას ენიჭება. „მოვუწოდებთ ევროპასა და ატლანტიკურ სივრცეში ჩვენს პარტნიორებს წინ აღუდგნენ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უკანონო ოკუპაციას, რაც ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციის გზით უნდა მოხდეს”.

ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა. კონფერენციას ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით, ორ სესიად გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები