„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი, მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის, ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის, მერაბ ბაღათურიას სახელმა.
კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძესა და კბილაშვილს დრო სჭირდებოდათ. ადვოკატს მერაბ ბაღათურია გამოეხმაურა. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ადვოკატი ავთანდილ თეთრაშვილი უკვე მერამდენეჯერ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამჯერად უნდა, რომ ეს, მათ შორის, ჩემი დისკრედიტაციით მოახერხოს. ის მხოლოდ მცირე დოზებით ამბობს სიმართლესა და მას სიცრუის და ორაზროვნად აღქმადი გამონათქვამების დიდ დოზაში ურევს და ასე ცდილობს მისთვის სასურველი სურათის წარმოჩენას. ის მხოლოდ ერთხელ ამბობს წმინდა სიმართლეს, როცა წერს, რომ “ლიდერფუდთან” დაკავშირებული დავა გაცდენილია ჩვეულებრივი სამართალურთიერთობის ფარგლებს და მის მიმართ საზოგადოების ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ეს მართლაც ასეა და მეც სწორედ ამიტომ ვეხმაურები მის უნიჭო სიცრუესა და მკითხველის დაბნევის მცდელობას.
კერძოდ, თეთრაშვილი წერს: „11.07.2019 წელს, როდესაც პირველივე სასამართლო სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მ. ბაღათურიას დაკითხვის საკითხი განიხილებოდა, ეს ბატონი სასამართლოში იმყოფებოდა და სხდომის დარბაზის კართან გვიცდიდა. მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი თხოვნისა, რომ იმავე დღეს დაგვეკითხა ბატონი მ.ბაღათურია, თქვენ და დავით ზეიკიძე პრინციპულ უარზე იყავით, ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ მ. ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად დრო გჭირდებოდათ. გარდა ამისა, ბატონმა დავით ზეიკიძემ პირდაპირ, პროცესზევე განგვიცხადა, რომ მისი უსაფრთხოების უფროსი სწორედ იმას ეტყვის სასამართლოს, რასაც თვითონ გვეუბნება და ამისგან განსხვავებული მოლოდინი არ უნდა გვქონოდა. ეს ხომ სასამართლოს სხდომის ოქმის ჩანაწერებით დასტურდება, ამას ხომ ვერაფერს დავამატებთ ან მოვაკლებთ“?!
თეთრაშვილის ეს პასაჟი ორ ნაწილად უნდა დაიყოს. პირველი, როცა ის წერს, რომ მე 11.07.2019 წელს სასამართლოს პირველ სხდომაზე ვიმყოფებოდი დარბაზის მიმდებარედ. ეს სიმართლეა. მაგრამ ჩემი გაკვირვება, გაოცება და აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კბილაშვილისა და ზეიკიძის მხრიდან ჩემი იმავე დღეს დაკითხვაზე უარის მიზეზი თეთრაშვილმა უკვე საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგინდა, როცა წერს შემდეგს: „ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ მ. ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად დრო გჭირდებოდათ“.
ჯერ ერთი, იმაზე საკმაოდ მეტი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილების კაცი ვარ, რომ რაიმე არ დამავიწყდეს, არ ამერიოს და არ შემეშალოს. მეორეც – თეთრაშვილს როგორ წარმოუდგენია, ნეტავ, რა მინდოდა დარბაზის სიახლოვეს – ცხადია, ველოდი დაკითხვაზე გამოძახებას. თუ რატომ არ დამიძახეს, მიზეზი სხვა არის.
ამიტომ, ახლა ავთანდილ თეთრაშვილს ვეკითხები, იმ ავთანდილ თეთრაშვილს, რომელიც ირაკლი დუმბაძემ მისი დირექტორობის პერიოდში საწარმოში მოიყვანა როგორც მისი მეგობარი, რომელიც იურიდიულ საკითხებში და არამარტო იურიდიულ საკითხებში გარკვეულ ტექნიკურ დამხმარებას გასწევდა და რომელიც საკმაოდ ხშირად გადიოდა პირადად ჩემთან გარკვეულ კონსულტაციებს – ავთო, ისე მიცნობ, რომ ფაქტებთან დაკავშირებით ვინმეს, თუნდაც ჩემი უფროსი მეგობრის და თუ გინდა იურიდიულად ვთქვათ – დამქირავებლის – დავით ზეიკიძის დარიგება მესაჭირეობოდა და დასმულ ამა თუ იმ კითხვაზე სხვაგვარად მიჭირს პასუხის გაცემა?!
მგონი, ძალიან გეშლება ან იძულებული ხარ, შეგეშალოს. ამიტომ, მოდი, კიდევ ერთხელ შეგახსენებ ფაქტს, რომელიც შემდგომში ჩემს ჩვენებაშიც დავადასტურე – დიახ, მე ვარ მერაბ ბაღათურია, „ლიდერფუდის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ის კაცი, რომელმაც 2019 წლის 22 მაისს მიიღო ოფისმენეჯერის ნათია კიკალიშვილის მიერ ჩაბარებული ორი კონვერტი, დელეგირებული უფლების თანახმად, გახსნა ისინი, წაიკითხა და რადგან მათი, ორივე წერილის შინაარსი იყო იდენტური იმისა, რაც წინა დღეებში მოდიოდა ირაკლი დუმბაძისგან, დავით ზეიკიძისა და საწარმოს დირექტორის, მიხეილ ელიკაშვილის სახელზე (გაფრთხილების წერილები, რომ აპირებს სასამართლო დავის წამოწყებას), აღარ ჩათვალა საჭიროდ ამ წერილების კვლავ მოსვლის ფაქტისა და მათი შინაარსის შესახებ დავით ზეიკიძის ინფორმირება.
ავთო, დიახ, იმ გზავნილებში იყო ორფურცლიანი გაფრთხილების წერილები და არა – სასამართლო სარჩელი. და დიახ, თქვენ და თქვენი კოლეგა, პაატა სალია ცრუობთ, როცა აცხადებთ, რომ „ლიდერფუდში“ ზეიკიძის სახელზე სარჩელი გამოაგზავნეთ. ჩემთვის ცხადზე უცხადესია თქვენი ეს შეთანხმებული და ორგანიზებული თაღლითობა. იმედია, ამას ასევე ცხადად დაინახავს გამოძიება, რომელიც, იმედია, ამ ფაქტის გამო ჩვენს მიერ დაწერილი საჩივარის საფუძველზე პროკურატურაში დაიწყება.
აქვე მინდა იცოდე, რომ დღეს რაც ხდება, ეს თავიდან ბოლომდე შენი მეშვეობით არის წამოწყებული და პაატა სალიას აქვს შემდგომ დაგვირგვინებული ეს თაღლითური სქემა, როცა ირაკლი დუმბაძემ ჯერ საერთოდ სარჩელი შეიტანა და შემდეგში კი შენი და სალიას მიერ დადგმული სარჩელის ჩაბარების სცენაზე დაყრდნობით, ესე იგი, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ცდილობთ მიაკუთვნოთ მას ზეიკიძის ქონება. ამ საქმეში შენი როლი განსაკუთრებით „მნიშვნელოვანია“. სხვა შემთხვევაში ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ რომ არა თქვენი წაქეზება, დუმბაძე, რომელსაც ერთი თეთრიც არ აქვს შეტანილი საწარმოს განვითარების საქმეში (კარგად შესწავლილ, გამოკვლეულ, აუდიტორულად დამტკიცებულ ფაქტებს ვეყრდნობი, როცა ამას ვამბობ), დავით ზეიკიძის ქონების რეიდერულად დაუფლების იდეა არც კი გაუჩნდებოდა და თუ გაუჩნდებოდა თქვენი იმედის და დახმარების გარეშე მისი განხორციელების დაწყებას ვერ გაბედავდა. შესაბამისად, შეგახსენებთ შენ და სალიას, რომ თქვენს კისერზე არა მარტო თაღლითური სქემის შემუშავება და განხორციელების მცდელობაა, არამედ გაცილებით უარესი – თქვენ ზეიკიძეების ოჯახი მთლიანად დაანგრიეთ და სამტროდ დაუპირისპირეთ ერთმანეთს ოჯახის წევრები. ავთო, თუ გიფიქრია, შენი და სალიას ამგვარმა მიდგომამ ადამიანების ბედისადმი, რა სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?! თუმცა, უზნეო ადამიანებს ზნეობაზე ესაუბრო, ესეც არასწორად მიმაჩნია. ეს უფრო საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნე.
მაინც მოგცემ კიდევ ერთ რჩევას – როცა რაიმეს „გაპრავებას“ გადაწყვეტ და იკადრებ, კარგად დაფიქრდი, მაგ პროცესში პიროვნებების, მით უფრო გამოცდილი და ნაცადი პიროვნებების ხსენება როცა მოგიწევს. ისინი მათ სახელთან არაადეკვატურ და უდიერ მოპყრობას უბრალოდ არ გაგიტარებენ და შესაბამისიად, დარჩები შერცხვენილი და გამოჩნდები, როგორც დაბალი კვალიფიკაციის იურისტი, როგორც ამ შემთხვევაში“, – ნათქვამია მერაბ ბაღათურიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.