ირაკლი აბუსერიძე: ისნის რაიონში სამი ახალი სკვერი გავხსენით, შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები განვიხილეთ
ისანში სამი ახალი სკვერი გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის მეორე კვარტლის მე-11 და მე-13 კორპუსებისა და წულუკიძის ქუჩის მეოთხე შესახვევის მეოთხე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყო: ბავშვთა გასართობი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები და განთავსდა დასასვენებელი სკამები. მიმდებარე ტერიტორია კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 262416 ლარი დაიხარჯა.
„ჩვენი რაიონის გამწვანებასა და ეკოსისტემაზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღია საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას, მათი ფიზიკური აქტივობის გამოყენების კუთხით და სარეკრეაციო დატვირთვის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.
დღეს საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, ისნის რაიონში სამი ახალი სკვერი გავხსენით, შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები განვიხილეთ”, – განაცხადა ისნის რაიონის მაჟორიტარმა, ირაკლი აბუსერიძემ.