დოკუმენტურად დადასტურებული ისტორიული სინამდვილე გენოციდის ბრალდების წინააღმდეგ – რა მოხდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

ალტერნატიული ისტორია, რომელიც რუსეთის წაქეზებით ე.წ სამხრეთ ოსეთში იქმნება, ფაქტების გაყალბებით ცდილობს, ბრალი დასდოს ქართულ მხარეს ოსების გენოციდში და ამით საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანების გარდა, გააძლიეროს რუსული გავლენა სეპარატისტულ ძალებზე. პუტინის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც კავკასიაში გავლენების გასაძლიერებლად დაუღალავად მუშაობს, ბოლო წლებში კიდევ უფრო გააქტიურდა. მორიგი დეზინფორმაცია – ქართველთა მხრიდან 1920 წელს ოსური მოსახლეობით დასახლებულ ქართულ რეგიონში მოწყობილი გენოციდის შესახებ, აქტიურად ვრცელდება რუსეთისა თუ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მართული ისტორიკოსების, მეცნიერებისა და მედიასაშუალებების მეშვეობით.
საინტერესოა, აქვს თუ არა საფუძველი მსგავს ბრალდებებს და რა მოხდა რეალურად ზუსტად ერთი საუკუნის წინ. ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და 1920 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ ჩვენს კითხვებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი, მირიან ხოსიტაშვილი პასუხობს:
_ უპირველეს ყოვლისა, უფრო ნათელი რომ გახდეს ზოგადი სიტუაცია, ვისაუბროთ „სამხრეთ ოსეთზე“, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულზე… არსებობდა თუ არა საბჭოთა კავშირამდე მსგავსი სუბიექტი და რა მიზანს ემსახურებოდა მისი გამოყოფა?
დავიწყოთ იქიდან, რომ ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია მუდამ იყო და არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი, მათ შორის, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც – 1918-1921 წლებში.
1922 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის შექმნა პირდაპირ კავშირში იყო აჯანყებებთან და რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტული ძალების მომძლავრებასთან, რაც მიზნად ისახავდა მათ წაქეზებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
_ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში (1918-1921 წწ) მუდმივად ხდებოდა “სამხრეთ ოსეთის” ნაციონალური საბჭოს წაქეზება, რათა იქ გაძლიერებულიყო სეპარატისტული მისწრაფებები, ოსი ბოლშევიკები წინააღმდეგობას უწევდნენ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას – რა პოლიტიკური სარჩული ჰქონდა 1920 წელს ოსი ბოლშევიკების აჯანყებას და ვის წისქვილზე ასხამდა წყალს ეს ყოველივე?
_ რასაკვირველია, რუსეთის, რომელსაც სურდა მაქსიმალურად დაესუსტებინა საქართველო და მოემზადებინა საფუძველი მისი შემდგომი ოკუპაციისათვის. ოს ბოლშევიკთა აჯანყებებს 1918, 1919 და 1920 წლებში სწორედ ეს ერთადერთი მიზანი ჰქონდა.
1920 წლის აჯანყება იყო მესამე მცდელობა, რომლის დროსაც, ასევე, მიმდინარეობდა ქართველი მოსახლეობის დევნა შიდა ქართლის ტერიტორიაზე, აჯანყებულები ავიწროებდნენ მათ და იყო ძარცვა-გლეჯის ფაქტებიც.
აჯანყებულებმა პირველ ეტაპზე, „სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტის“ დადგენილების საფუძველზე, როკის რაიონში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს,. შემდეგ კი ცხინვალზეც იგივე გადაწყდა. მთელი ის შეიარაღება, რაც აჯანყებულების ხელში იყო, მამისონის უღელტეხილის გავლით და როკის ხეობით, რუსეთიდან შემოდიოდა. ფაქტობრივად, მათ საქართველოს წინააღმდეგ იარაღით რუსეთი ამარაგებდა. ამასთან, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ქართული ჯარი საქართველოს საზღვრებთან უპირისპირდება საბჭოთა მე-11 არმიის შენაერთებს.
ეს იყო რუსეთის მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც სხვა პასუხი ვერ ექნებოდა – ქართულმა მხარემ ამ აჯანყების ჩახშობით ქვეყანაში რუსული არმიის შემოსვლა აღკვეთა. რაც, სამწუხაროდ, ბოლშევიკებმა არასრული წლის შემდეგ მაინც შეძლეს.
1920 წლის 12 ივნისს, დამოუკიდებელი რესპუბლიკა იღებს გადაწყვეტილებას, მოახდინოს სათანადო რეაგირება აჯანყებულთა წინააღმდეგ და ჩაატაროს სამხედრო მოქმედებები. არსებული მდგომარეობა სწრაფ მოქმედებებს მოითხოვდა – უკვე 23 ივნისს აჯანყება მთლიანად ჩახშობილი იყო. აჯანყებულთა ნაწილი ამ დაპირისპირებაში დაიღუპა, ნაწილი კი ჩრდილოეთში გადავიდა.
_ პუტინმა 2006 წელს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ ვიხსენებთ, რომ 1920 წელს, საქართველოს შეიარაღებულმა ჯარებმა ჩაატარეს სამი სადამსჯელო ოპერაცია ოსი ხალხის წინააღმდეგ… ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ძალიან რთული ისტორია, რომელიც უნდა გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ ძალიან ფრთხილად“… რა მოხდა სინამდვილეში 1920 წელს, რა იყო ის, რასაც პუტინი საკუთარ “ისტორიის გაკვეთილებში” მძიმე მემკვიდრეობად მოიხსენიებს?
_ ცხადია, რუსებისა და ოსების პოზიცია გაყალბებულ ისტორიას ეყრდნობა. ოს მეცნიერთა დიდი ნაწილი, რასაკვირველია, რუსეთის დაკვეთითა და დაფინანსებით, აყალბებს ფაქტებს და მათ საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. ეს ჩვეული სტილია, ასე მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა – ისინი ქმნიან ფონს, თითქოს საქართველოს ისტორიულად ოსების მჩაგვრელი იყო, რის მტკიცებულებებიც, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ.
გენოციდს, ცხადია, სულ სხვა მასშტაბები აქვს და გულისხმობს არა მხოლოდ სამხედრო დაპირისპირებას, არამედ იერიშს მშვიდობიან მოსახლეობაზე, რაც 1920 წელს არ მომხდარა. შესაძლოა, საქართველოს არმიის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი გარკვეულ გადაცდომებს, თუმცა ცალკეული შემთხვევებისათვის გენოციდის იარლიყის მიკერება ცალსახად აბსურდულია.
ეს არის შეგნებული პროპაგანდა, ფაქტების გაყალბება და პარალელური ისტორიის შექმნის მცდელობა, რაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისკენაა მიმართული.
_ რამდენად მასშტაბური იყო 1920 წლის ოს ბოლშევიკთა აჯანყება და თანაუგრძნობდა თუ არა აჯანყებულებს ოსი მოსახლეობა?
არსებული ფონის აღსაქმელად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ოსების დიდმა უმრავლესობამ იცოდა ქართული ენა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ სჭირდებოდათ და სურდათ ქართველებთან სიახლოვე. ეს მხოლოდ შერეული ქორწინებით არ იყო განპირობებული, არამედ დიდი როლი ჰქონდა ეკონომიკურ და სამეურნეო ურთიერთობებსაც.
შემდგომი დაძაბულობა, რაც ამ მხარეში ხდებოდა განპირობებული იყო არა ოსი ხალხის საერთო განწყობით, არამედ ცალკეული პოლიტიკური თუ სამხედრო ფიგურების მოქმედებებით, რომლებიც წაქეზებულნი და მართულნი იყვნენ რუსების მხრიდან. შესაბამისად, ეს იყო სამხედრო დაპირისპირება, რომლის დროსაც ქართულ მხარეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა ემოქმედა, რადგან, როგორც აღვნიშნე, ამ დროს დემოკრატიულ რესპუბლიკას, მეორე ფრონტზე უხდებოდა ბრძოლა.
ზოგადად, სამხედრო მოქმედებებში შეტაკებებისას ძალიან რთულია, დაიცვა კონკრეტული ზღვარი, რამაც ალბათ გადაცდომებიც გამოიწვია. თუმცა, არც იმდროინდელი პრესისა და სხვა საარქივო მასალის შესწავლის შედეგად არ იკვეთება მოცემულობა, რომ ქართულ მხარეს რაიმე ტიპის დაპირისპირება ჰქონოდა ოს მოსახლეობასთან. ეს იყო ცალსახად აჯანყებულთა წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები. მტკიცება, რომ 1920 წელს ქართველთა მხრიდან ოსი ხალხის გენოციდი განხორციელდა, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდია.
მეტსაც გეტყვით, 1918 წლის იანვარში დაწყებული აჯანყებისას 300-მა ოსმა 20-მდე ქართული სოფელი დააყაჩაღა და გადაწვა, ადგილობრივი თავად-აზნაურების სახლები დაანგრია და ძალიან ბევრი იქაური მაცხოვრებელი დახოცა. ეს ფაქტი შეიძლება შეიცავდეს გენოციდის ნიშნებს, რადგან მოხდა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა.
_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ ის, რასაც ე.წ სამხრეთ ოსეთი ქართულ მხარეს აბრალებს, რეალურად ოსების მხრიდან 1918 წელს განხორციელდა?
_ 2 წლით ადრე განვითარებული ეს მოქმედებები პირდაპირ იყო მიმართული ქართული ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ და ის, რასაც 1920 წელს ქართულ მხარეს სდებენ ბრალად, რეალურად 1918 წელს, პირიქით, თავად აჯანყებული ოსების მხრიდან მოხდა.
ცხადია, 1920 წლის აჯანყების ჩახშობისას ქართული მხარე ოს მოსახლეობას არ ერჩოდა, პირიქით, არსებობს ოსთა მიმართ მათი დამოკიდებულების ამსახველი უამრავი ფაქტი.
_ „ახლა ვიმყოფებით ოსი ხალხის შეკრებაზე ჯავასთან. საცოდავი, მოტყუებული გლეხები! როგორ მიყვარს ისინი და როგორ მეცოდებიან“ – წერს სახალხო გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი მემუარებში და თითქოს აქაც იკვეთება მისი დამოკიდებულება ოსი ხალხისადმი. თუ შეგიძლიათ, გვითხრათ მეტი არა მარტო სახალხო გვარდიის დამოკიდებულებაზე, არამედ ზოგადად მთელ საქართველოში ოსთა მიმართ იმ პერიოდში არსებულ განწყობებზე?
_ ჯუღელის მიერ ნახსენები ტერმინი „მოტყუებული მოსახლეობაც“ ხაზს უსვამს, რომ ეს არ იყო ოსთა საერთო განწყობით განპირობებული, არამედ აჯანყებულები ცალკეულ პირთა წაქეზებით მოქმედებდნენ. არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თავად ოსი ადგილობრივები სთხოვენ საქართველოს პირველ რესპუბლიკას ამ კონფლიქტის შეჩერებას.
არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ ვალიკო ჯუღელის რაზმმა, აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ჩაატარა რაიმე სახის სადამსჯელო ოპერაცია მშვიდობიან მოსახლეობაში – არავითარი წმენდა არ მომხდარა.
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქართველებს ყველაზე მეტი შერეული ქორწინება აქვთ ოსებთან, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი კულტურულად ასიმილირებულნი იყვნენ ერთმანეთთან, ჰქონდათ განსაკუთრებული ურთიერთობა – დაძაბულობა ამ მხარეში კი რუსული ინტერესს წარმოადგენდა და მის მიერვე იყო პროვოცირებული სეპარატისტულად განწყობილ პირთა ხელით.
ცხინვალში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ოსური თეატრის დაარსება, ოსური ენის სწავლების ხელშეწყობა, ოსური ენის განმარტებითი ლექსიკონის მომზადება, ყველა ეს ფაქტი ქართული მხარის მხარდაჭერითაა შექმნილ-დაარსებული. რაც მეტყველებს, რომ არცერთ პერიოდში ქართველები ოსების მიმართ მტრულად არ იყვნენ განწყობილნი, პირიქით.
_ “ცხინვალი 1920” არის ფილმი, რომლის შემქმნელებმაც 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების დოკუმენტურ ფილმად ასახვა ითავეს. რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი პროექტის განხორციელებას?
_ ფილმი ატარებს ძალიან დიდ მნიშვნელობას და მისიას – მაშინ, როცა დე-ფაქტო ცხინვალი სიძულვილის ენის დათესვას და კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს, ისტორიული სინამდვილის ასახვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბუნებრივია, მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები ადამიანები არიან რუსული დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ და უპირველესად მათთვის, შემდეგ კი მთლიანად ქართველებისათვის, არა მარტო მნიშვნელოვანი, საჭიროც კია, იცოდნენ რეალური ისტორია – ის, რაც დოკუმენტურად დასტურდება.
ეს ფილმი იქნება არა მხოლოდ ქართული პასუხი ისტორიის გაყალბების მცდელობას, არამედ სწორი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რათა კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, როგორ მუშაობს რუსული დეზინფორმაცია სეპარატისტულ რეგიონში და რამდენად აბსურდულია გენოციდის ბრალდება.
მინდა ჩვენი ინტერვიუ ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვებით დავასრულო.
„ოსები ვალდებულები არიან ზნეობრივად, რომ ქართველ ერს და მათს ისტორიას ასე უნდა უცქირონ, როგორც თავიანთ თავს და ძვირფასს საუნჯეს, თორემ თუ მათ ქართველი ერი გადაიმტერეს და ქართლიც აიკლეს, მაშინ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ისინიც ისე გაჰქრებიან საქართველოს ისტორიის ასპარეზზე, როგორც გაჰქრა ერთ დროს ქალაქი ჟინვალი და აქ მცხოვრებ ოსების ავკარგიანობა და ისტორიული ცნობებიც”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები