პრემიერის მრჩეველი: თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება მთავრობამ განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მიზნობრივად გამოყენებით
“მთავრობისთვის ორი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ, პირველ ყოვლისა, ეზრუნა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და შემდეგ – ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე; პარალელურად, მთავრობა დგამდა ნაბიჯებს იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, დღეს შესამჩნევია, რომ გარემო გაუარესდა და ამას მოწმობს საერთაშორისო მასშტაბით არსებული გაურკვევლობის მაღალი ხარისხი.
„ჩვენ შევძელით პანდემიის შედარებით ეფექტიანად მართვა სხვა ქვეყნებთან მიმართებით. დღეს თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ერთერთი სამაგალითო ქვეყანაა და ამ პირობებში შეგვიძლია, ვისაუბროთ მწირი ეკონომიკური რესურსების სამართლიანად გადანაწილების პრიორიტეტულობაზე მთავრობისთვის, რასაც მთავრობა ახორციელებს კიდეც. რაც შეეხება მომდევნო ეტაპებს, დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე – როგორც მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, მკაფიოდ ადასტურებს ერთ პოზიციას, რომ, მაგალითად, აპრილის შეფასება, გლობალური ეკონომიკის შემცირებასთან დაკავშირებით ივნისში გაუარესდა, როდესაც ახალი შეფასება გამოაქვეყნა სავალუტო ფონდმა. რაც ეს იმაზე მეტყველებს, რომ, ფაქტობროვად, 3 თვეში გლობალური ეკონომიკის შეფასება გაუარესებისკენ გადაიხედა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრიზისი გრძელდება და, ერთი მხრივ, არსებობს რაციონალური მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებშიც, მომდევნო წლის განმავლობაშიც საჭირო იქნება გარკვეული ანტიკრიზისული ღონისძიებები. თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მაქსიმალურად მიზნობრივად გამოყენებით და იმ კონკრეტული გამოწვევების პირობებში, რა გამოწვევებიც კონკრეტულ მომენტში გვქონდა”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.