მიხეილ ჩხენკელი სამხედროების დაფინანსებაზე: მოხარული ვართ შესაძლებლობით, ამ ძალზე მნიშვნელოვან პროექტში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

მოხარული ვართ შესაძლებლობით, ამ ძალზე მნიშვნელოვან პროექტში საკუთარი წვლილი შევიტანოთ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

“ჩვენი ქვეყნის განვითარების, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სამხედრო ძალებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, გულისხმობს მრავალმხრივ განვითარებულ, თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ჯარს, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო საქმეში მომზადებასთან ერთად, გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო შეგნებით, ღრმად აცნობიერებენ სახელმწიფოსა და მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების ამოცანებს. ამავე დროს, ეს გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისადმი სახელმწიფოს თანადგომას, საზოგადოების, განსაკუთრებით – ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას შეიარაღებული ძალების როლისა და მნიშვნელობის შესახებ.

ამიტომ მივესალმებით თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომელიც ჯარისკაცზე ორიენტირებულ ახალ სოციალურ პოლიტიკას დაუდებს სათავეს.ბუნებრივია, ამ პროცესში განათლების სისტემას განსაკუთრებული როლი ეკისრება. ჩვენ მოხარული ვართ შესაძლებლობით, რომ ამ ძალზე მნიშვნელოვან პროექტში საკუთარი წვლილი შევიტანოთ,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ახალი პროექტი დღეს საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მნიშვნელობასა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვაზეა ორიენტირებული. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება პროექტის – „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ.

ახალი ინიციატივა ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას დაესწრნენ პროექტში ჩართული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები