გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ.
ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, შსს-ში მისი შვილის საქმეში FBI-ის ჩართულობის საკითხის განსახილველად მივიდნენ.
„მე გუშინ განვაცხადე, რომ იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად ჩართავდნენ საქმეში FBI-ის და ამის გამო მოვედი უწყებაში, სხვა შემთხვევაში მოსვლას არ ვაპირებდი. ახლა გააჩნია, FBI-ის რა დონეზე ჩართავენ, რაღაც კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ მაწყობს. თავიდან ბოლომდე, დაწყებული დაკარგვის დღიდან და დამთავრებული დღემდე, FBI უნდა იყოს საქმის ყველა დეტალში ჩართული. ფედერალურმა ბიურომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გამოიკვლიოს – რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოიძებნა 5 დღის მანძილზე, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი და გასუფთავდა. ანალოგიურად მანქანაც უნდა შემოწმდეს, რადგან მანქანა ჯერ არ არის გახსნილი და ველოდებით ფედერალური ბიუროს ჩამოსვლას და ისე გაიხსნება. მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული ამდენი ხარვეზი რომ არის გამოძიებაში და არცერთ კითხვაზე პასუხი რომ არ გაუციათ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.