„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას, სადაც 400-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. პანდემიის პერიოდში, “ნესტლესა” და “ნოკიას” წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრების შემდეგ, პატივი გვქონდა, ფიზიკურად გვემასპინძლა „შტადლერის” პრეზიდენტისა და წარმომადგენლებისთვის”, – ამის შესახებ “აწარმოე საქართველოს” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ერთერთი ქვეყანაა, რომელიც კოვიდის შემდგომ საინტერესო პირობებს სთავაზობს ინვესტორებს.
„შტადლერი” – მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა საქართველოში წარმოების გაფართოებაზე, რაც კიდევ ერთხელ ასახავს იმას, რომ ჩვენ ვართ ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რეალოკაციის ფარგლებში საინტერესო პირობებსა და გარემოს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს”, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და „აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი ცნობილი შვეიცარიული კომპანიის – „შტადლერის” ჯგუფის პრეზიდენტს, პიტერ შპულერს შეხვდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის” მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი – ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი – მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი – პატრინ ფრანცენი და „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი – დავით ფერაძე.