თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მიღებას აცხადებს
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, 14 სექტემბრიდან, აცხადებს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე განაცხადების მიღებას. ეს პროგრამებია: თეატრალური კოსტიუმის მკერავი; თეატრალური კოსტიუმის აქსესუარებისა და ქვილთის სპეციალისტი; მხატვარ-გრიმიორი.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია.
„საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სამი წლის განმავლობაში ანვითარებს გრძელვადიან სტრატეგიას შემოქმედებითი პროფესიების პოპულარიზაციის მიმართულებით.
უნივერსიტეტში (სასწავლო ცენტრში) დღესაც მიმდინარეობს შემოქმედებითი პროფესიების სასწავლო მეთოდოლოგიების შემუშავება და ავტორიზაციის შემდეგ მათი განხორციელება. უნივერსიტეტის მმართველი რგოლისთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს სხვადასხვა დონისა და სპეციალობის სტუდენტების შემოქმედებით ჯგუფებად ჩამოყალიბება-ინტეგრირება, რადგან 4 დონის სასწავლო პროგრამების მრავალფეროვანი შემოქმედებითი სპეციალობის ჩამონათვალი ხელს უწყობს ამ პროცესის განვითარებაში.
ამისათვის უნივერსიტეტი აკადემიური პროცესების განვითარებისათვის ურთიერთანამშრომლობს 26 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციასთან.
საქართველოში ასზე მეტიპროფესიული თეატრი და კინოსტუდია ფუნქციონირებს. აქედან მთელ რიგ თეატრებში დაიხურა ან დახურვის პირასაა ისეთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო სეგმენტი, როგორიცაა სადადგმო სახელოსნოები. ეს პრობლემა გაჩნდა იმის გამო, რომ ამჟამად საქართველოში სულ რამდენიმე პროფესიონალი ოსტატი დარჩა, რომლებიც ფლობენ თეატრალური კოსტიუმების, აქსესუარებისა და ბუტაფორიის, გრიმის შექმნის სპეციალობას პროფესიონალურ დონეზე.
თეატრები, კინოსტუდიები და სხვა შემოქმედებითი ორგანიზაციები, პროფესიონალი თეატრალური მკერავებისა თუ ბუტაფორების, მეწაღეებისა თუ კონსტრუქტორების და მხატვარ-გრიმიორების მუდმივ ძიებაში არიან. იგივე პრობლემის წინაშე დგანან ხელოვანებიც. ჩვენი უნივერსიტეტი ხელს უწყობს ამ პრობლემის მოგვარებას და ქმნის პროფესიულ გადამზადება-მომზადების პროგრამებს, რომ საქართველოში ხარისხიანი შემოქმედებითი პროდუქტების შექმნა გაიზარდოს.
ამ სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ააიპ – თეატრალური კოსტუმისა და აქსესუარების პროფესიული სკოლისა და ი.მ.ანუკა მურვანიძის სკოლა-სტუდიასთან ურთიერთანამშრომლობით, შეიმუშავა პროფესიული მომზადება-გადამზადების 3 სასწავლო პროგრამა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდება ამა წლის 14 სექტემბრიდან:
თეატრალური კოსტიუმის მკერავი. ხანგრძლივობა – 34 კვირა. 10 მსმენელი;
თეატრალური აქსესუარებისა და ქვილთის სპეციალისტი. ხანგრძლივობა – 26 კვირა. 10 მსმენელი;
მხატვარ-გრიმიორი. ხანგრძლივობა – 34 კვირა. 20 მსმენელი.
სასწავლო პროცესი მსმენელებისთვის უფასოა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
განაცხადების შეტანა დაიწყება 2020 წლის 27 ივლისიდან და გაგრძელდება 29 აგვისტომდე.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პორტალზე: https://vet.emis.ge/#/training-programs