არჩილ თალაკვაძე: სივრცეს, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ

“როგორც მინიმუმ, მომავლის პოლიტიკაზე პრეტენზია შეიძლება, ჰქონდეს ისეთ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც დემოკრატიულ ცვლილებებს პარლამენტში მხარი დაუჭირა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სივრცეს, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ.

„როგორ ფიქრობთ, შეიძლება, მთავარი ოპოზიციური ძალა ისეთი პარტია იყოს, რომელიც დილით საზოგადოებას ეუბნება, რომ მხარს უჭერს საკანონმდებლო ცვლილებებს და საღამოს ეუბნება, ხმას ვერ აძლევს, მაგრამ მხარს ისევ უჭერს? ეს არის რეალურად გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. როგორც მინიმუმ, მომავლის პოლიტიკაზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ისეთ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიულ ცვლილებებს პარლამენტში. ვინც საზოგადოება მოატყუა და მხარი არ დაუჭირა დემოკრატიულ ცვლილებებს, რის გამოც ხელისუფლებას თვეების განმავლობაში აკრიტიკებდნენ, ეს ხალხი წარსულსა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. პოლიტიკური სივრცე გახსნილია, ამისთვის დემოკრატიული ცვლილებები განვახორციელეთ. ჯანსაღ ოპონირებაზე ორიენტირებულ ძალებს მივესალმებით, რომელთა ინტერესი, პირველ ყოვლისა, არის საქართველოს ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული განვითარება და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა. როგორც ხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა” ამ ხაზის მიღმაა. ამიტომ, მათ სერიოზული თავის მართლება მოუწევთ წინასაარჩევნო პერიოდში. საზოგადოებას უნდა აუხსნან – როგორ ხდებოდა, როცა დილით ამბობდნენ ერთს და საღამოს მეორეს აკეთებდნენ. ასევე, როგორ ხდებოდა, როცა ერთი წლის განმავლობაში სხდომებს აცდენდნენ და პანდემიის, კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტს სხდომების არჩატარების გამო აკრიტიკებდნენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები