არჩილ თალაკვაძე: დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია

“დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია და სხვა ევროპული პარლამენტების შემთხვევაში მინახავს”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშის შეფასებას ეხებოდა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც დაინტერესებულია პარლამენტის საქმიანობა შეაფასოს, დეპუტატების გამოსვლების რაოდენობა მექანიკურად კი არ უნდა დათვალონ, არამედ ნახონ რას აკეთებენ ეს ადამიანები იქ, სადაც ისინი აირჩეს.

“ვფიქრობ, რომ დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია და მინახავს სხვა ევროპული პარლამენტების შემთხვევაში. ამიტომ, ყველას ვთხოვდი, ვინც დაინტერესებულია პარლამენტის საქმიანობა შეაფასოს, დეპუტატების გამოსვლების რაოდენობა მექანიკურად კი არ დათვალონ, არამედ ნახონ, რას აკეთებენ ეს ადამიანები იქ, სადაც ისინი აირჩეს, როგორ საქმიანობენ, რა პროექტებზე მუშაობდნენ, რამდენად იყვნენ კომიტეტების შიგნით ჩართულები საკანონმდებლო საქმიანობაში. საკითხის ასე დაყენება, რომ მაგალითად, კომიტეტის თავმჯდომარეებს და სპიკერატის წევრებს ჰქონდეთ გამოსვლების თანაბარი რაოდენობა სხვა დეპუტატებთან მიმართებით და ამით სხვა დეპუტატების დამუნათება, არასამართლიანი და ძალიან ზედაპირული მიდგომაა პარლამენტის საქმიანობის შეფასებისას. ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება” მოტივირებულია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში, მისი საქმიანობის ხარისხი და ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზარდოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს პარლამენტის 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები