რატი იონათამიშვილი: მოხარული ვარ, რომ, ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრად დავსახელდი – საპატიოა და დიდი პასუხისმგებლობაცაა

“მოხარული ვარ, რომ, ანგარიშის მიხედვით ყველაზე აქტიურ წევრად დავსახელდი და ვიმედოვნებ, კიდევ მეტი ინიციატივა იქნება შემდეგში”, – ასე გამოეხმაურა “კვირასთან” საუბრისას ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშს, რომლის მიხედვითაც დეპუტატი პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრად დასახელდა.

მან 2019 წელს წარდგენილი ინიციატივებიდან შშმ პირების უფლებების ხელმისაწვდომობასა და  პარკირების წესთან დაკავშირებული ცვლილებები გამოყო.

,,ეს ძალიან საპატიოა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამასთანავე. ამ ინციატივებიდან, რაც 2019 წლის განმავლობაში წარვადგინე, გამოვყოფ შშმ პირების უფლებების ხელმისაწვდომობასა და  პარკირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივა ბავშვთა უფლებების კოდექსის შესახებ და ქალთა ძალადობის წიმააღმდეგ მიმართული ღონისძიებები. მოხარული ვარ, რომ, ანგარიშის მიხედვით, ყველაზე აქტიურ წევრად დავსახელდი და ვიმედოვნებ, კიდევ მეტი ინიციატივა იქნება შემდეგში”, – განუცხადა “კვირას” რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრად წარდგენილი კანონპროექტების რაოდენობის მიხედვით რატი იონათამიშვილი დასახელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები