რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
“დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელს იხსენიებს, ერთ-ერთ უდიდეს წინასწარმეტყველს, რომელმაც სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. წმინდანის სახელს არა ერთი სასწაული უკავშირდება. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად, უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილი დაითმინოს. წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ელიას ხალენი (მოსასხამი) საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაფლული.
დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია მართალს იხსენიებს – დიდ ქართველ მოღვაწეს, მწერალს, ჟურნალისტს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცს, „ერის სულიერ მამად“ წოდებულს, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩვენი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ილია ჭავჭავაძე, როგორც წმინდა ილია მართალი, 1987 წელსაა კანონიზებული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მას ყოველ 2 აგვისტოს მოიხსენიებს.
დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.