1 აგვისტოს, ორბელიანების სასახლეში მამუკა ცეცხლაძის გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

1 აგვისტოს, ორბელიანების სასახლეში, მხოლოდ ერთი დღით, მამუკა ცეცხლაძის გამოფენის  -„ROMA”-ს დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ფერწერული ტილოები.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე დასწრება მსურველებს ორბელიანების სასახლეში ვიზიტის დაჯავშნის შემდეგ შეეძლებათ – მათ ელექტრონულ ფოსტაზე: info@president.gov.ge პირადი მონაცემები უნდა გააგზავნონ.
ორბელიანების სასახლე ღია იქნება სტუმრებისათვის 1 აგვისტოს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

გამოფენა სასახლეში 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

გამოფენის შესახებ:

სერია “ROMA” 14 ფერწერულ ტილოს აერთიანებს. მხატვრის ხედვის რაკურსი რომის და ვატიკანის ნაცნობი ქუჩების და არქიტექტურისკენაა მიმართული. წარმოდგენილ ნამუშევრებში საკუთარ დიდებასთან მარტოობაში დარჩენილ ტაძრებს, მოედნებს, ხიდებს და შადრევნებს ვხვდებით.
მხატვრისთვის სერიაზე მუშაობის ინსპირაციის წყარო წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე პაპი ფრანცისკეს მიერ აღვლენილი საგანგებო ლოცვის ამსახველი კადრები გახდა. სერიის პირველი ნამუშევარიც სწორედ ამ ისტორიულ მომენტს ასახავს.
გამოფენა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები