გიორგი გახარიამ მუსლიმან სასულიერო პირებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

“ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და მომავალშიც ვიზრუნებთ ჩვენს ამ მრავალფეროვნებაზე”, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მუსლიმან სასულიერო პირებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა რელიგიის წარმომადგენელი ერთად ზრუნავს და შრომობს ქვეყნის მომავლისთვის და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. სამწუხაროდ, ვირუსის გავრცელების გამო, ვერ აღვნიშნავთ ისე, როგორც ამ დღესასწაულს შეეფერება, მაგრამ იმედია, ასეთი შემთხვევა პირველი და ბოლო იქნება. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და მომავალშიც ვიზრუნებთ ჩვენს ამ მრავალფეროვნებაზე. ჩვენი მუსლიმანი ძმები არიან ჩვენი ძმები ისევე, როგორც – საქართველოს ყველა სხვა მოქალაქე. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას, ერთად ვზრუნავთ და ვშრომობთ ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას ვაკეთებთ ერთად, წარმატებით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მუსლიმანს ამ დღესასწაულს და იმედი მაქვს, რომ როგორც აქამდე ვშრომობდით ერთად, ამ ვირუსზეც გავიმარჯვებთ. მინდა, გისურვოთ წარმატება, ჯანმრთელობა და ერთობლივი შრომა ამ ქვეყნის მომავლისთვის, თქვენი თემის მომავლისთვის. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის რწმენას და ასე ერთობლივად ავაშენოთ ეს ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღნიშნა, საქართველოს ყველა მუსლიმანი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე – ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის.

„მოხარულნი ვართ, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში ტრადიციად ჩამოყალიბდა სტუმარმასპინძლობა, რაც გვახარებს და მეტ მოტივაციას გვაძლევს. ჩვენც არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდი ტრადიციის, ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხელიხელჩაკიდებული ძმურად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანები და ყველას საკუთარი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს დღესაც ასეა. ამ ქვეყნის ყველა მუსლიმი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი წილი აგური დავდოთ ამ ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე – ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის”, – განაცხადა ადამ შანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები