ბარათაშვილის ხიდზე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ბარათაშვილის ხიდზე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებულ ხიდებსა და გზაგამტარებს ამოწმებს, მათ მდგომარეობას სწავლობს და, დაზიანების შემთხვევაში, აღადგენს.
„აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.