რუსული ნავთობის მომხმარებელთა რიცხვი შესაძლოა, ერთით შემცირდეს. ბელორუსი თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისათვის ნედლეულის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. როგორც რუსული მედია წერს, ნორვეგიისა და აშშ-ის შემდეგ, მინსკმა მზერა აზერბაიჯანს მიაპყრო. აზერბაიჯანი -საქართველო- უკრაინა -ბელორუსი – ეს გზა უნდა გაიაროს ნავთობმა, რომელმაც, ბელორუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს გათვლებით, რუსული შავი ოქრო უნდა ჩაანაცვლოს.
ბელორუსული კონცერნის, “ბელნეფტეხიმის” ინფორმაციით, წელს SOCAR-ი ბელორუსს საქართველოს პორტების მეშვეობით მილიონ ტონამდე ნავთობს მიაწვდის. მიმდინარე წლის მარტში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართული პორტის, სუფსას მეშვეობით მარტსა და აპრილში ბელარუსმა აზერბაიჯანული ნავთობის 4 პარტია მიიღო, რომლის საერთო მოცულობა, დაახლოებით, 335 ათას ტონას შეადგენს.
უკრაინული მედიისა და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, იკვეთება ერთგვარი რეგიონული ალიანსი, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ ექსპანსიას უნდა დაუპირისპირდეს.
როგორც ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, მიხეილ გონჩარი უკრაინულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რუსული ნავთობის ალტერნატივის მოძიება ბელარუსში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები გაცივდა. გონჩარის თქმით, მინსკმა უარი თქვა ე.წ. ანშლუსზე ( ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის მიერთება), ანუ რუსეთის მიერ ბელორუსის შთანთქმაზე, რასაც პუტინის გაღიზიანება და ბელორუსის ენერგეტიკული პრობლემები მოჰყვა.
ბელორუსი პოლიტოლოგის, იგარ ტიშკევიჩის მოსაზრებით, აზერბაიჯანი-საქართველო- უკრაინა – ბელორუსის ალიანს შესაძლოა, პოლონეთი, ლიტვა სლოვაკეთი და უნგრეთიც მიუერთდეს. ტიშკევიჩის თქმით, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება და ალტერნატივის მოძიება მათ ინტერესებშიაცაა და ამ გზით, პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკური დივიდენდების მიღების პერსპექტივაც ჩანს.
რგორც დღეს გახდა ცნობილი, ბელორუსში „ვაგნერის“ ( რუსული გასამხედროებული ორგანიზაცია) 33 დაქირავებული მებრძოლი ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს. დაკავებულია, ასევე, მინსკელი პოლიტტექტონოგი – ვიტალი შკლიაროვი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს ეხმარებოდა. როგორც უცხოური მედია წერს, შკლიაროვი მომავალ არჩევნებში ლუკაშენკოს ერთერთი ოპონენტის, სერგეი ტიხანოვსკის შტაბს წარმოადგენს.