ტრამპი: პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ბაიდენი ამერიკის ეკონომიკას დაანგრევს

აშშ-ის პრეზიდენტი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ტეხასში ნავთობკომპანიის Double Eagle Energy-ის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ტრამპმა საკუთარი ადმინისტრაციის დადებით ენერგეტიკულ პოლიტიკაზე ისაუბრა, ასევე, თქვა, რომ შტატის ნავთობგაზის ინდუსტრია დაინგრევა, თუ არჩევნებში ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს.

“რადიკალი მემარცხენეები იბრძვიან იმისთვის, რომ ამერიკის ენერგეტიკა დაანგრიონ, გაანადგურონ ნავთობგაზის მრეწველობა და თქვენ სამუშაო ადგილების გარეშე დაგტოვონ”, – თქვა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ტეხასი ენერგეტიკულ სექტორში აშშ-ის შტატებიდან პირველ ადგილს იკავებს დასაქმებისა და წარმოების მასშტაბების კუთხით. თუმცა, პანდემიის პირობებში დარგმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო ფასების ვარდნასთან დაკავშირებით.

ტრამპის განცხადებას, ბაიდენის საარჩევნო შტაბში უპასუხეს.

“ბატონო პრეზიდენტო, ახლა პოლიტიკანობისა და ფოტოგრაფების წინაშე პოზიორობის დრო არ არის. ტეხასელებს გამოცდილი და ხედვის მქონე პრეზიდენტი სჭირდებათ, რომელიც მათი ოჯახებისთვის იბრძოლებს იმის მიუხედავად, რამდენი კატასტროფა დაატყდება ჩვენს სანაპიროებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები