ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი სისტემით განახლდება სწავლა ბაღებსა და სკოლებში
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადაწევა არ იგეგმება.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ჯანდაცვის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს.
„სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადაწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა, სავარაუდოდ, განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში.
იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებსა და სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.