მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა – როგორია 100 ათას სულ მოსახლეზე ქვეყნებში გარდაცვლილთა სტატისტიკა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 17 031 281 შეადგენს, ვირუსს 667 060 ადამიანი ემსხვერპლა, 9 951 105 კი განიკურნა.

შესაბამის სტატისტიკურ მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი აქვეყნებს.

ამასთან, მსოფლიოში ინფიცირებულთა და ლეტალური შედეგით ანტირეკორდსმენი კვლავ შეერთებული შტატებია, სადაც “კოვიდ-19”-ის დიაგნოზი 4 426 982 ადამიანს აქვს დადასტურებული; მეორე ადგილზეა ბრაზილია 2 552 265 დაავადებულით; შემდეგ მოდის ინდოეთი – 1 581 963; რუსეთი – 827 509 და ხუთეულის ბოლოს უკვე სამხრეთ აფრიკაა, სადაც 471 123 ინფიცირებულია.

რაც შეეხება ვირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას, აშშ-ში ამ მაჩვენებელმა 150 713 მიაღწია, მეორე ადგილზეა ბრაზილია 90 134 გარდაცვლილით; მესამეზე – ბრიტანეთი – 46 046; შემდეგ მოდის მექსიკა – 45 361 და იტალია 35 129.

თუმცა, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ლეტალური შემთხვევების რიცხვი მაღალია, ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაგალითად – ბელგიაში, ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიასა და შვედეთში ლეტალური შემთხვევების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე – შეერთებულ შტატებში.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, ბელგიაში 100 ათას სულ მოსახლეზე “კოვიდ-19”-ს 86 პაციენტი ემსხვერპლა; ესპანეთსა და იტალიაში, დაახლოებით, 60; შვედეთში კი 56.

აშშ-ში კი, რომლის მოსახლეობა 330 მლნ ადამიანს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 45 პაციენტს უდრის.

ამასთან, გერმანიაში 100 ათას მოსახლეზე ვირუსს 11 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები