29 ივლისი ბიძინა კვერნაძის დაბადების დღეა

1928 წლის 29 ივლისს დაიბადა საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე.
ბიძინა კვერნაძე თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს: ქმნის ოპერებს, ბალეტებს, სიმფონიებს, უვერტიურებს, ვოკალურ-სიმფონიურ ნაწარმოებებს, საფორტეპიანო მინიატურებს, საესტრადო სიმღერებს, მუსიკას კინოფილმებისა და დრამატული სპექტაკლებისათვის.
ბიძინა კვერნაძის რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი“ (1987), „მედეა“ (1992), „უკვდავება“ (1971), „კანტატა; საქართველოზე“ – ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1974), „სადღესასწაულო უვერტიურა“ (1977), „ძველი ქართული წარწერები“ _ ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1978), „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის“ (1986).
ბიძინა კვერნაძემ შექმნა მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის,  მისი  მუსიკა ჟღერს ფილმებში: “შეხვედრა მთაში”, “უდიპლომო სასიძი”, “ნატვრის ხე”, “ბაკულას ღორები” და სხვა.
ქართული კინომუსიკის შედევრადაა მიჩნეული მუსიკა მრავალსერიანი ფილმისათვის –  „დათა თუთაშხია“ (ჯ. კახიძესთან ერთად).
ბიძინა კვერნაძემ მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ჭინჭრაქა“, „ყვარყვარე“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მე ვხედავ მზეს“.
ბიძინა კვერნაძემ დრამატული სპექტაკლებისთვისაც შექმნა მუსიკა: შ.რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი („საქმიანი ადამიანი”, „ეზოში ავი ძაღლია”, „ჭინჭრანა”, „თეთრი ბაირაღები”, „ყვარყვარე”და სხვა), კ. მარჯანიშვილის სახ. აკადემიური თეატრი („მე ვხედავ მზეს”, „ოქროს საწმისი” და სხვა)…
1998 წელს ბიძინა კვერნაძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.
2010 წლის 8 ივლისს ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა თბილისში. იგი დაკრძალეს დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები