„მონანიება“ – თენგიზ აბულაძის ფილმის რესტავრაცია დასრულდა (ვიდეო)

თენგიზ აბულაძის ფილმის – „მონანიების“ რესტავრაცია დასრულდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სამუშაოები 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

პროექტი  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ამჟამად ეროვნულ კინოცენტრს აქვს ფილმის მაღალპროფესიულ დონეზე რესტავრირებული ვერსია.

ფილმის საწყისი მასალების ჩამოტანა 2019 წელს რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან” განხორციელდა. ამავე წელსვე შედგა კომუნიკაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალთან. ფესტივალის სურვილი იყო, 2020 წელს „მონანიება” კვლავ ეჩვენებინათ კანში, პრესტიჟულ სექციაში – „კანის კლასიკა”.

კანის კინოფესტივალი ფილმებს აჩვენებს უმაღლესი ხარისხის ციფრული ფორმატით, ამიტომ ეროვნულმა კინოცენტრმა 2020 წლის იანვარში დაიწყო ფილმის აციფვრა – რესტავრაცია. შესასრულებელი სამუშაოების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ფილმის სკანირება განხორციელდა პრაღაში, ჩეხური სტუდია UPP-ის მიერ (Universal Production Partners – Prague), ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერი და ხმა დამუშავდა საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფის” მიერ პაატა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.

სამწუხაროდ, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეულ ფორმატში არ გაიმართა.

„მონანიება” თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა 1987 წელს. ფილმმა კანში 3 ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი”, „ფიპრესის” ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება” წარადგინეს „ოქროს გლობუსის” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.
ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.

ქვემოთ მოცემული ვიდეო ასახავს, თუ როგორ იქმნებოდა ფილმი და როგორ იხსენებენ შემოქმედებით პროცესს გადამღები ჯგუფის წევრები.

ვიდეოს ავტორები: შოთა (ზამზა) იმნაძე და ბასა ხარაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები