ვახტანგ ჭარაია: სესხების გადავადებაზე ბანკები კლიენტებს ატყუებენ, სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას არღვევენ

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ კომერციული ბანკები სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას არ ასრულებენ და კლიენტებს ატყუებენ. საქმე ეხება სესხების გადავადების საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„საქმე გვაქვს ბანკების მხრიდან მომხმარებლების მოტყუების ფაქტებთან. ეს ხდება მასობრივად, როგორც დედაქალაქში, ასევე – რეგიონებში. საქმე გახლავთ ის, რომ მოხდა შეთანხმება სახელმწიფოსა და ბანკებს შორის, ბანკებს კლიენტებისთვის გაეკეთებინათ საშეღავათო ქმედება, რაც გამოიხატებოდა 3-თვიან საშეღავათო პერიოდში. ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ ბაკნებმა მხოლოდ გადაავადეს სინამდვილეში და, რეალურად, არც არაფერი შეღავათი არ გაუწევიათ. ვგულისხმობ იმას, რომ პროცენტის გაუქმებაზე კი არ წასულან, არამედ პროცენტის გადავადებაზე წავიდნენ, ძირი თანხა კი ისედაც უნდა მიეღოთ ზუსტად იმდენი, რამდენიც უნდა მიეღოთ.

იმ შემთხვვაში, როცა სახელმწიფოსგან კომერციულ ბანკებს აქვთ ყველანაირი ხელშეწყობა, იგულისხმება, მათ შორის, ბანკების გავლით ყველა ტიპის ოპერაციის გაკეთება, რომელიც შესაძლოა, ბანკების გვერდის ავლითაც განხორციელდეს, ასევე, სხვადასხვა სააგენტოს კონკრეტული ფინანსური რესურსის ბანკებში განთავსება, ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის ჭერის მოხსნა საერთოდ და ნებისმიერი თანხის გაცემა მათი საშიროებისამებრ და ა.შ; ბანკები საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის ყველაზე რთულ პერიოდში წავიდნენ მხოლოდ იმაზე, რომ სახელმწიფოს პროცენტის გადავადებას დათანხმდნენ, მაგრამ დღეს, რეალურად, ამასაც კი არ ასრულებენ იმ ფორმით, რა ფორმითაც დაჰპირდნენ მოსახლეობას. ბანკებისა და სახელმწიფოს შეთანხმება იყო, რომ პროცენტი, რომელიც უნდა დარიცხვოდა ამ სამი თვის განმავლობაში, კლიენტზე გადანაწილდებოდა დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, თუ ადამიანს ჰქონდა დარჩენილი 5 წელი სესხის გადახდისთვის, მაშინ იმ 3 თვის თანხა უნდა გადანაწილებულიყო დარჩენილ პერიოდზე. თითოეული კლიენტი უმტკივნეულოდ გადაიხდიდა ამ პროცენტს. სინამდვილეში, დღეს რას აკეთებენ ბანკები – კლიენტებს მეოთხე თვის თავზე ეუბნებიან, მთლიანდ უნდა გადაიხადოთ ის პროცენტი, რაც სამი თვის განმავლობაში დაგროვდაო. ხშირ შემთხვევაში ეს არცთუ ისე მცირე თანხაა.

ეს არის კლიენტების მოტყუება, ამაზე ეროვნულმა ბანკმაც უნდა გააკეთოს რეაგირება. არ შეიძლება, ეს ასე გაგრძელდეს. ბანკებმა კეთილი უნდა ინებონ და იმ პირობით შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, რა პირობითაც თქვეს. ეს კი იყო შემდეგი: ან გადანაწილდება სრულ პერიოდზე ეს პროცენტი, ან დაემატება ბოლო თვეების სახით მთლიან გადასახდელ პერიოდს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები