მირიან ნიკოლაძე: აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა და ასეთ გადაწყვეტილებას ველოდით

“აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა და ასეთ გადაწყვეტილებას ველოდით“, – ასე გამოეხმაურა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დარჩა.

ნიკოლაძე “რუსთავი ორის” გადაცემაში – “დღის კურიერში” ერთერთი ბრალდებულის, ირაკლი წაქაძის მიერ ბრალის ნაწილობრივ აღიარებასაც გამოეხმაურა.

“ზოგადად, მთელი ეს ჯაჭვი არის ერთიანი კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპი და რგოლი.  ამას მნიშვნელობა აქვს საერთო სურათისთვის, მაგრამ უშუალოდ გიორგის მკვლელობის ნაწილში, რა თქმა უნდა, წვეულების დარბაზში მომხდარი კონფლიქტის დეტალები ცოტა რთულია, რამდენად შეიძლება, უკავშირდებოდეს ერთმანეთს. თუ რომელიმე მოწმეს, მათ შორის, ბატონ წაქაძეს ან სხვებს ექნებათ რაიმე სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩვენ დიდი სიამოვნებით გავუწევთ შუამდგომლობას გამოძიების წინაშე. თუმცა, ვერ გეტყვით, გარდა ამ უშუალოდ იქ მომხდარი ფაქტის აღიარებისა, რა შეიძლება, თქვას წაქაძემ.

რაც შეეხება ექსპერტიზებს, მოლოდინი დიდია. შესაძლოა, ერთმაც ექსპერტიზამაც კი ისეთი მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს ჩვენი ვერსიის დადასტურების თვალსაზრისით, რომ ეს შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ოჯახის პოზიცია არის შეუცვლელი და კატეგორიული, რომ უნდა წაეყენოს ბრალდება 109-ე მუხლით ყველა იმ პირს, რომელიც იმყოფებოდა “ტოიოტას” მარკის ავტომანქანაში. ჩვენი ეს პოზიცია გამოძიებამაც იცის და საზოგადოებამაც იცის, რომ არ იცვლება და არ შეიცვლება, სავარაუდოდ, ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ გამოძიების ვადაშივე, რა თქმა უნდა, უნდა იყოს წარდგენილი ეს ბრალდება აღნიშნული პირებისთვის და ვთვლით, რომ მოცემულ ეტაპზე ამის სათანადო საფუძველი არსებობს“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები