ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების” წარმატების თვალსაჩინო მაგალითად, სიღარიბის მაჩვენებლის  10%-ით შემცირებას ასახელებს

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2004 წელს, წინა ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის დროს, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 34%, რაც 9 წლის მმართველობის განმავლობაში, 30%-მდე შემცირდა.

კობახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ მემკვიდრეობით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 1 150 000 ადამიანი მიიღო.

ამის შესახებ კობახიძემ “რუსთავი2″-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქსტატის და მსოფლიო ბანკის მონაცემებით „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 19, 5 %-ზე, ანუ 730 000-ზე (2019 წლის მონაცემებით).

„წარმოიდგინეთ, მათ 4 %-ით შეამცირეს სიღარიბე. თან რაც უფრო მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, მაღალი ტემპის დაჭერა უფრო მარტივია. ჩვენ კი 30%-დან ჩამოვიყვანეთ 19, 5 %-მდე”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება” მოახერხებს ამ მაჩვენებლის შემცირებას 10 %-მდე შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში, ყველამ უნდა აღიაროს, რომ „ქართული ოცნება”არის უკიდურესად წარმატებული.

„რადგან ეს ეკონომიკური მარტივი გათვლებია, საიდან სადამდეა შესაძლებელი ოპტიმალურ პირობებში,სიღარიბის შემცირება. სიღარიბის სტატიკური მაჩვენებლით ვერ შეფასდება ვინმეს წარმატება ან წარუმატებლობა. ჩვენ რომ 30%-დან ჩამოვედით 19, 5%-მდე, სწორედ ეს არის წარმატების მაგალითი და არა ის, თუ რა არის სტატიკური ციფრები სიღარიბის კუთხით”, – აღნიშნა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა.

მისი თქმით,„ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას არ მოქმედებდა ისეთი სოციალური პროგრამები,რომლებიც “შეამსუბუქებდნენ მოსახლეობის მდგომარეობას, არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ადამიანები იღუპებდონენ იმის გამო, რომ ოპერაცია არ უფინანსდებოდათ“.

“დღეს არის სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტული პროგრამები. მოიხსნა გადასახადი სრულად საბავშვო ბაღებში, არის უფასო სახელმძღვანელოები და ა.შ. სოციალური მიმართულებით 2012 წლიდან სოციალური ბიუჯეტი გაორმაგებული და კიდევ უფრო მეტად გაზრდილია, რაც თანდათანობით ამსუბუქებს ამ ადამიანების მდგომარეობას. წინა ხელისუფლებამ სიღარიბის მაჩვენებლის 34-დან 30-%-მდე ჩამოყვანა მოახერხა რეგიონში არსებული ეკონომიკური ბუმის პირობებში.2012 წლიდან მოყოლებული რეგიონში არის ზოგადად უარყოფითი ტენდენცია და ამ პირობებშიც კი შევძელით ჩვენ 10%-ზე მეტით სიღარიბის შემცირება, მაგრამ განულებას, ბუნებრივია, დასჭირდება წლები”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები