ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება

ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 56 000 ჰა ფართობზე საველე სამუშაოებში 26 ახალგაზრდა მეტყევეა დასაქმებული. მეტყევე-ტაქსატორებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი – არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოამზადა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი. სპეციალისტების მიერ გადამზადდა 26 ახალგაზრდა მეტყევე, რომელიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდა.

„სატყეო სექტორში ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადება. დარგის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებზე, რომელთა ნაკლებობასაც სექტორი წლების განმავლობაში განიცდიდა. შესაბამისად, სატყეო საქმის სპეციალისტების გადამზადება და დასაქმება ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, გასული წლის მსგავსად, სააგენტოს ერთერთ პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ახმეტაში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1993 წელს განხორციელდა. პროცესს მხარდაჭერას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უწევს. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10-წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის 10-წლიანი გეგმები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები