„არემჯი“ საქართველოში ფარგას აბრუნებს

დმანისის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაშავერას მიმდებარედ კომპანია „არემჯისა“ და ჟურნალ „ველური ბუნების“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მდინარეებსა და ტბებში იქთიოფაუნის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ფარგის დაბრუნებას ითვალისწინებს.

ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან ერთად მდ. მაშავერაში სიმბოლურად ფარგა გაუშვეს.

საზეიმო ღონისძიებას რამდენიმე კვირით წინ უძღოდა ასი ათასობით ფარგის ლიფსიტას საცდელი გაშვება აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში, მათ შორის, მდინარე მაშავერაში, სადაც, „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ძალისხმევით, ბიომრავალფეროვნების ყველა პირობა არის შექმნილი.

2018 წლიდან, გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, წყლის კომპონენტზე ზრუნვის მიმართულებით კომპანიამ მრავალი წყალდაცვითი პროექტი განახორციელა. სწორედ ამ შედეგების წარმოჩენის მიზნით, რეგიონის მდინარეებში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროცესი დაიგეგმა, რისი საუკეთესო მაგალითიც პროექტი – „ფარგის დაბრუნება საქართველოში“ გახდა.

„ძალიან ლამაზი დღეა, გვიხარია, რომ საქართველოში ფარგა ბრუნდება. ეს პროექტი დავიწყეთ წელიწად-ნახევრის წინ. მოხარული ვარ, რომ, ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს დღე შედგა და ფარგის ასიათასობით ლიფსიტა ეტაპობრივად ჩაეშვება საქართველოს მდინარეებსა და ტბებში. ეს არის „არემჯის“ მიერ განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განვახორციელეთ”, – განაცხადა კომპანია „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა.

აღნიშნულ პროექტზე 2019 წლის დასაწყისიდან არაერთი მეცნიერი, საერთაშორისო ფონდი თუ უცხოელი ექსპერტი მუშაობდა, რამაც, საბოლოოდ, შესაძლებელი გახადა, აზერბაიჯანიდან საქართველოში ცოცხალი თევზის გადმოყვანის პირველი პრეცედენტი შექმნილიყო.

,,ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არის შედეგი მჭიდრო თანამშრომლობისა როგორც კერძო სექტორთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალ ,,ველურ ბუნებასთან“. “არემჯის” დაფინანსებითა და  სხვადასხვა დონორის მხარდაჭერით, ჩვენ დავიწყეთ ფარგას სახეობის დაბრუნება საქართველოს მდინარეებში. ეს არის მრავალი წლის წინ გადაშენებული სახეობა. საკმაოდ საინტერესოა როგორც მეთევზეობის კუთხით, ასევე, კვებითი ღირებულებით. საქართველოში ფარგის დაბრუნებით, ფაქტობრივად, მდინარე მაშავერაში სიცოცხლე აღდგა”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ჟურნალ „ველური ბუნების“ მთავარი რედაქტორის, გოჩა კობერიძის თქმით, თითო ასეთ რეინტროდუქციაში რომ მიიღოს მონაწილეობა ბევრმა კერძო კომპანიამ, ეკოლოგიის კუთხით საქართველო იქნება ერთერთი წამყვანი ქვეყანა.

„ფარგა არის ძალიან მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე, რომ იგი საქართველოში ცხოვრობდა მთელი ისტორიის განმავლობაში. სხვადასხვა ანთროპოგენური მიზეზის გამო, იგი გადაშენდა როგორც აღმოსავლეთ, ისე – დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ მდინარე მაშავერადან. თითო ასეთ რეინტროდუქციაში რომ მიიღოს მონაწილეობა ბევრმა კერძო კომპანიამ, დამერწმუნეთ, რომ ეკოლოგიის კუთხით საქართველო იქნება ერთერთი წამყვანი ქვეყანა”, – განაცხადა გოჩა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები