მამია სანადირაძე: არსებობს საშიშროება, რომ „კავკასუს ონლაინის“ ერთადერთი ხაზის გაკონტროლებით აზერბაიჯანულმა მხარემ სტრატეგიული სატელეკომუნიკაციო ჰაბი თბილისიდან ბაქოში გადაანაცვლოს

“კავკასუს ონლაინს“ დამფუძნებელი, მამია სანადირაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებს როგორც საჭიროს, ქვეყნის ინტერესების დამცველსა და აუცილებელს ისე აფასებს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი, მეთიუ ბრაიზა აღშფოთებულია ახალი კანონის გამო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მიღება საჭირო იყო.

მისივე განცხადებით, არსებობს რეალური საშიშროება, რომ საქართველოსთვის კრიტიკული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დაკარგვამ ქვეყნის საინფორმაციო და ეკონომიკურ უსაფრთხოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ახალი კანონი კი შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს, რომ, შეძლებისდაგვარად, ასეთი საფრთხისგან თავი დაიცვას.

„რამდენადაც ვიცი, მეთიუ ბრაიზა აზერბაიჯანში ამერიკის ყოფილი ელჩი და ამჟამად „სოკარის“ შვილობილი კომპანიის ბორდის წევრია. წარმოიდგინეთ, მისტერ ბრაიზა საქართველოში სატელეკომუნიკაციო მარეგულირებლის ახალი კანონის გამო აღშფოთდა და სტატიაში წერს: „ხალხი ვაშინგტონში შეშფოთებულია… ვაუ, შეიძლება, ამ პროექტის გაუქმებას რაიმე საერთო ჰქონდეს რუსეთთან“. ჩემი აზრით, მისტერ ბრაიზა აზერბაიჯანისთვის იღწვის, როცა საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს ჩვენს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კრიტიკული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის გამკაცრებისთვის. ცნობისათვის – აზერბაიჯანის მთელს ტერიტორიაზე ყველა ინფრასტრუქტურული სატელეკომუნიკაციო კაბელი სახელმწიფოს ეკუთვნის, რადგან აზერბაიჯანში ასეთი კაბელების კერძო მფლობელობა კანონით აკრძალულია. „კავკაზუს ონლაინის“ თავდაპირველი დამფუძნებელი გახლავართ, ამიტომ მეც მიმიძღვის მცირეოდენი წვლილი საქართველოს ტელეკომუნიკაციის განვითარებაში და საქართველო–ევროპის შემაერთებელი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე ჩადებაც მე განვახორციელე 2008 წელს“, – განაცხადა მამია სანადირაძემ “ფორ.გე”-სთან
ვრცელ ინტერვიუში.

„კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი აცხადებს, ქართული სახელმწიფო სწორედ იქცევა, როდესაც რეალურ რისკებს ხედავს და ამ რისკების დაზღვევისთვის ნაბიჯებს დგამს.

„კავკასუს ონლაინის“ აზერბაიჯანული მხარის გაკონტროლების შემთხვევაში შეიძლება, საქართველოს ევროპული ინტერნეტის უსაფრთხოდ მოწოდების პრობლემა შეექმნას. სავარაუდოდ, აზერბაიჯანელებს დაგეგმილი აქვთ, რომ არსებული „შავი ზღვის“ კაბელი პირდაპირ ბაქოს მიუერთონ, ამის შემდგომ კი
საქართველოს უკვე ბაქოდან მიეწოდოს ინტერნეტის რუსულ–ევროპული ნაზავი. ანუ, ჰაბი გახდება ბაქო – თბილისი კი „აპენდიციტი“ ბაქოს ინტერნეტქსელში. აზერბაიჯანელები თბილისს რატომ გახდიან ჰაბს? ბავშვები ხომ არ ვართ ეს რომ დავიჯეროთ“, – ამბობს მამია სანადირაძე.

მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში დიდი მონაცემთა ცენტრები, როგორიც არის „ამაზონი“, „გუგლი“ და „ნეტფლიქსი“, საქართველოს ნაცვლად ბაქოში აშენდება.

„ქართული სახელმწიფო იმიტომ არის აღშფოთებული, რომ ეს ერთადერთი კაბელი, რომელიც 12 წლის წინ ჩაიდო – საქართველოს პირდაპირ ევროპის ინფრასტრუქტურასთან აკავშირებს, რუსეთისა და თურქეთის გვერდის ავლით. ეს მაშინ გავაკეთეთ საქართველოს ინფორმაციული დამოუკიდებლობისათვის. „შავი
ზღვის“ კაბელზე კონტროლის დაკარგვა კი ამ პირდაპირი დამოუკიდებელი ციფრული კავშირის გაუქმებას რეალურს ხდის, თბილისის ბაქოსთან ციფრულად მიერთების შემთხვევაში”, – აცხადებს მამია სანადირაძე.

მისივე განცხადებით, ყველა სახელმწიფო ცდილობს, დაიცვას საკუთარი ინფორმაციული და ეკონომიკური უსაფრთხოება, რაც სწორი და აუცილებელია.

„მარეგულირებელი კომისია სწორედ ამიტომ ცდილობს მიიღოს კანონი, რომ მას ჰქონდეს კანონიერი უფლება, რათა მის მიერ რეგულირებად სატელეკომუნიკაციო კომპანიაში დროებითი მმართველი განაწესოს და დაიცვას ქვეყნისთვის კრიტიკული ინტერესები – რა თქმა უნდა, თუ ამისთვის საფუძვლიანი ეჭვი
არსებობს. თვითონ კანონი შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ იგი შესაძლოა, მომავალში დაიხვეწოს. საერთოდ, ღია და ლიბერალური სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც საქართველოს და დასავლურ ქვეყნებს მეტნაკლებათ გააჩნიათ, ყველგან არის საშიშროება, რომ ინვესტორის ეგიდით ქვეყანაში შემოსულმა კომპანიებმა საკუთარი აქტივი მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება სცადონ. ამიტომ, ყველა ქვეყანაში არსებობს ანალოგიური კანონიერი მექანიზმები და ბერკეტები. რაც
შეეხება „კავკაზუს ონლაინს“ არსებობს საშიშროება, რომ ამ ერთადერთი კაბელის გაკონტროლება აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ სტრატეგიულმა რეგიონალურმა სატელეკომუნიკაციო ჰაბმა, თბილისიდან ბაქოში გადაინაცვლოს“, – განაცხადა “ფორ.გე”-სთან ინტერვიუში
მამია სანადირაძემ.

„კავკასუს ონალინის“ დამფუძნებელი ოპოზიციურად განწყობილ პირებს ახსენებს, რომ სულ ორი მთავარი სატელეკომუნიკაციო კვანძი არსებობს – ევროპა და ამერიკა. საქართველო უკვე 12 წელია დაკავშირებული ევროპასთან და თბილისი ყალიბდებოდა რეგიონულ ჰაბად.

„აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანიც ამ კაბელზე არიან მიერთებული. სომხეთი არასოდეს არ მიუერთდება აზერბაიჯანს. ირანიც ერიდება ბაქო-მოსკოვის მიმართულებით ევროპაში ციფრული ნაკადების გატარებას და ერევანი-თბილისის გავლით ამჯობინებს ამის გაკეთებას. მოსკოვსა და ბაქოს საქართველოს შავი
ზღვის კაბელის გაკონტროლება აძლევთ იმის საშუალებას, რომ თეირანი-ერევანი-თბილისის ნაკადები ბაქოსკენ მიმართონ. ამას სომხეთი არ დაუშვებს და ციფრული ნაკადები შეწყდება. მხოლოდ საქართველოს თავისი ლიბერალური და გახსნილი სატელეკომუნიკაციო რეჟიმით ბუნებრივად შეუძლია რეგიონალური ჰაბის როლი შეასრულოს, თუ, რა თქმა უნდა, ამას ხელოვნურად წინ არავინ აღუდგა, საქართველოს ინტერესების საზიანოდ. 21–ე საუკუნეში ჭარბი და იაფი ციფრული ინფორმაცია საწინდარია ქვეყნის
სოციალურ–ეკონომიკურ წარმატებისა. საქართველომ უნდა უზრუნველოს მაღალი კონკურენცია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რათა სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ციფრული ინფორმაცია ბაზარზე იყოს ჭარბად და იაფად. ჩემი აზრით, სწორად გამოყენების შემთხვევაში, ახალი კანონი საქართველოს მისცემს დამატებით ბერკეტებს ქვეყნის ინტერესების გასატარებლად”, – აცხადებს მამია სანადირაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები