,,მთავარი არხის” ეთერში გასულ რეპორტაჟში რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული” – სუს-ი საბოტაჟის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს
,,მთავარი არხის” ეთერში გასულ რეპორტაჟში რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, “მთავარი არხის” მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეომასალაზე დაინიშნა ვიდეოფონოსკოპიური ექსპერტიზა.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი საბოტაჟის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
2020 წლის 20 ივნისს ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს აუწყებდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის დროს სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილი პირების ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიაგნოზის გაყალბებისა და გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას სთავაზობდნენ.
გამოძიების პროცესში, გამოიკითხა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები სიუჟეტის ავტორთა მიერ განზრახ იყო დამახინჯებული.
2020 წლის 2 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოძიებამ ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ 2020 წლის 20 ივნისს, 21:20 საათზე გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის – „ნაყიდი COVID 19“-ი, ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, დაუმონტაჟებელი მასალის გადაცემა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საჯაროდ აცხადებდა, რომ მზად იყო, გაესაჯაროებინა აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებული დაუმონტაჟებელი მასალა, ტელეკომპანიამ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, “მთავარი არხის” მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეომასალაზე დაინიშნა ვიდეოფონოსკოპიური ექსპერტიზა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.