პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, შაქარაშვილის საქმეზე სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის ვადა ერთი თვით გაგრძელდეს

საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდეს. ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს   იმის გათვალისწინებით, რომ, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა, მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა. ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში. აქვე ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლის შედეგების შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახისა და საზოგადოების პერიოდულად ინფორმირება მოხდება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულად ცნობილია 17 პირი, მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე. უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულად ცნობილია 17 პირი, მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 31 ივლისი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები